აბიტურიენტის რთული გრაფიკის მიუხედავად, გიორგი კვირიკაშვილი წინასაახალწლო სამზადისში აქტიურად არის ჩართული.

მისთვის ახალი წლის დადგომა განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება, რადგან ეს ოჯახური დღესასწაულია.

გიორგი ხარაგაულის გიმნაზიის XII კლასის მოსწავლეა და მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს. მას თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა და მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტობა სურს.

„თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოში სწავლების მაღალი დონითა და მაღალკვალიფიციური ლექტორებით გამოირჩევა. შესაბამისად, ჩემი დიდი სურვილია, სწავლა აქ გავაგრძელო, – ამბობს გიორგი, – ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე გადატვირთული გრაფიკია.

დროის სწორად გადანაწილება რთულია, მაგრამ ამას ვახერხებ.

რეპეტიტორებთან დავდივარ, რადგან ისინი სკოლაში მიღებული ცოდნის მობილიზებაში მეხმარებიან. ამას გარდა, ამომწურავად მასწავლიან კონკრეტულ საგნებს, რომლებიც ჩემს არჩეულ პროფესიაში დამჭირდება.

კარგი იქნებოდა, ჩვენს სასკოლო სისტემაში ამერიკული მოდელი რომ შემოვიდეს. იქ მაღალ კლასებში მოსწავლეებს საგნებს მიმართულებების შესაბამისად ასწავლიან. უნივერსიტეტში კი ბოლო კლასებში მიღებული ქულებით აბარებენ“.

ხარაგაულში მცხოვრები ახალგაზრდები უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ უკან დაბრუნებაზე აღარ ფიქრობენ. თვლიან, რომ ქალაქში მათი კარიერული წინსვლისთვის უფრო მეტი შესაძლებლობაა.

გიორგის მიაჩნია, რომ ეს ხარაგაულისთვის ძალიან ცუდია, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტი ახალგაზრდების ნაკლებობას განიცდის.

„ხარაგაულში ჩემი ინტერესების შესაბამისი სამსახური თუ გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები. სხვაგან მუშაობას მირჩევნია, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს მუნიციპალიტეტში გამოვიყენო.

დღეს ხარაგაულში ახალგაზრდებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა გასართობი ადგილების დეფიციტია. ასევე მოუწესრიგებელი გზებიც გვაწუხებს. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, ყველაფერი მალე დალაგდება“.

გიორგი ახალ წელს განსაკუთრებული მოლოდინებითა და იმედებით ელოდება. მისი საახალწლო სურვილების გამოცნობა კი რთული არ არის.

მათი სისრულეში მოყვანისთვის მხოლოდ საახალწლო ღამის ჯადოსნობას არ დასჯერდება და მიზნის მისაღწევად ძალას არ დაიშურებს.

„ახალი წელი როდესაც დგება, ფიქრობ, რომ შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო. ეს ხშირად ასეც ხდება. ჩემი საახალწლო სურვილი დასახული მიზნების მიღწევაა. ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ ყველას და ვურჩევ, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებსა და დაბრკოლებებს.

უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოგვივა“.

ლიკა ხიჯაკაძე