ხარაგაულში, დღეს, 22 დეკემბერს, მოსულმა თოვლმა პრობლემები შექმნა.

ელექტროენერგია დაბა ხარაგაულსა და სოფლებს არ მიეწოდება.

ს/ს ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, თეონა გეგუჩაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, ავარიულად გამოირთო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ხარაგაული 2“.

ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება მაღალი ძაბვის რამდენიმე ქვესადგურს შეუწყდა. ამჟამად ეს დაზიანება აღდგენილია და ქვესადგურებმა ძაბვა მიიღეს.

ხარაგაულის მომსახურების ცენტრში ავარიულად გამორთულია 8 ფიდერი; მათ შორის „ფიდერი ხარაგაული“, „ლაშე“, „დეისი“, „ბორითი“, „სოფლის განათება“, „ფაბრიკა“. ტექნიკური სამსახური დაზიანებების აღსადგენად ყველა მიმართულებით მუშაობს.

„ფიდერი ხარაგაული“, რომლითაც დენი დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებს მიეწოდება, იმის გამო გამოირთო, რომ გადამცემ ხაზებს ხე დაეცა. უახლოეს მომავალში ეს ავარიული მონაკვეთი აღდგება და დაბა ხარაგაულის ელექტროენერგიით მომარაგება, სავარაუდოდ, ერთ საათში განახლდება.

დღის ბოლომდე ყველა დაზიანების აღდგენა მოხერხდება. თუმცა, გარკვეულწილად, ეს დამოკიდებულია მეტოროლოგიურ პირობებზე. ტექნიკური სამსახური მუშაობას ყველა ავარიის აღმოფხვრამდე გააგრძელებს.