კურორტმა ნუნისი ნომინაციაში – რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის გაიმარჯვა.

კურორტ ნუნისის მენეჯერი, ნინა პავლიაშვილი ამბობს, ეს წარმატება მათთვის მოტივაციის მიმცემია, რომ არ გაჩერდნენ და  ამ კუთხით აქტიურად გააგრძელონ საქმიანობა.

„ეს გამარჯვება ჩვენთვის დიდი პატივია, – ამბობს ნინა პავლიაშვილი, – ვფიქრობთ, ის კიდევ უფრო მეტად გაზრდის ნუნისის ცნობადობას და ნუნისზე შეყვარებული ადამიანების რიცხვს.

მრავალი სტუმარი დაგვემატება. პანდემიამ არა მხოლოდ კურორტი ნუნისი, არამედ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა.

ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, რომ შეგვექმნა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო, როგორც დამსვენებლისთვის, ასევე აქ მომსახურე პერსონალისთვის.

ზედმეტი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით. უფრო მეტიც, ნუნისი ერთგვარ მწვანე კუნძულად იქცა, ჯანსაღი ცხოვრების ცენტრად, სადაც  ჩვენს სტუმრებს უსაფრთხოდ, დაცულად და მშვიდად შეუძლიათ დასვენება.

გარდა ბალნეოლოგიისა, 2021 წლიდან ნუნისს დაემატა შემდეგი მიმართულებები: პოსტ კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა, წონის კორექციის პროგრამა და იოგას ცენტრი.

აქტიურად ვთანამშრომლობთ  ადგილობრივ მოსახლეობასთან. მინდა მადლობა გადავუხადო კურორტ ნუნისის ყველა თანამშრომელს, რომლებიც მართლაც დიდი სიყვარულით აკეთებენ თავის საქმეს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ნუნისისთვის კიდევ ბევრის გაკეთებას შევძლებთ“.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მეექვსე წელია ტარდება და საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიების წარმატების ისტორიებს აცნობს.

წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის პრიზი იყო დაწესებული. თითოეულ გამარჯვებულს საშუალება აქვს საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს სასურველი და კომპანიისათვის შესაფერისი ჯილდო:

ახალი ვებ-გვერდი;

ბრენდინგი;

საკომუნიკაციო მხარდაჭერა.