ნინო ტალახაძე, ზვარის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, 27-29 მარტს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში დაგეგმილ მწვანე კამპანიაში ჩაერთვება.

ნინომ მეგობრებისა და ქიმიის მასწავლებელ ნინო ფანქველაშვილის მხარდაჭერით შექმნა პოსტერი, რომელიც ეძღვნება რეგიონში არსებული მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებს.

ამ პოსტერმა, 15 მუნიციპალიტეტის 21 სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებთან ერთად, გაიმარჯვა CENN-სგან სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენება ჩვენს რეგიონში.

კონკურსი გაიმართა დედამიწის საათისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში. CENN ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად აღნიშნავს დედამიწის საათს, რომლის მთავარი გზავნილია „გამოიყენე შენი ძალა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად“.

მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს 28 მარტს, ადგილობრივი დროით 20.30 საათზე.

დედამიწის საათი ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქციაა, რომლის მიზანიც არის კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა.

ამ აქციის ფარგლებში მსოფლიოს 162 ქვეყანაში ერთი საათის განმავლობაში გამოირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება.

ლაურა გოგოლაძე

ფოტოზე: ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერი