გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება.

ეს კამპანია 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება.

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

საქართველო ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე აკეთებს აქცენტს.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას ყოველ წელს საქართველოს სახალხო დამცველიც უერთდება. გთავაზობთ ნინო ლომჯარიას განცხადებას:

„უკვე 2 წელია, covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლამ ცენტრალური ადგილი დაიკავა მსოფლიოს დღის წესრიგში, თუმცა ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა და მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარებისათვის განკუთვნილი ყველა სერვისის შეუფერხებელი მისაწვდომობა.

სამწუხაროდ, კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების პრობლემური და დაფარული ხასიათი.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო სერვისები შეუფერხებლად მუშაობდა, დაწესებულმა შეზღუდვებმა, მათ შორის ტრანსპორტის მისაწვდომობასთან დაკავშირებულმა ბარიერებმა, შეაფერხა ქალებისა და გოგოების მიერ აღნიშნულ სერვისებზე წვდომა.

დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმედ აისახა ძალადობის მსხვერპლებზე, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ. ამის გამო ოჯახში ძალადობის რისკები გაიზარდა, ხოლო მათი გამოვლენის შესაძლებლობა შემცირდა.

განსაკუთრებით მძიმე პრობლემად რჩება ფემიციდი – გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები.

წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა აღნიშნული დანაშაულების რიცხვი. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, გამოვლინდა 24 ქალის მკვლელობის ფაქტი და მათ შორის 15 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით გამოიკვეთა. ამასთან, დაფიქსირდა 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 17 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა არ მოადუნონ ყურადღება და კვლავ პრიორიტეტად დაისახონ ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია პანდემიის პირობებში და შესაბამისი დაცვისა და დახმარების ღონისძიებების გაძლიერება“.