ათი წელია, ხარაგაულელი ინდმეწარმე, კერძო აფთიაქის მენეჯერი თამარ სხილაძე უსაფრთხო შრომის პირობებს ითხოვს.

შენობა, სადაც მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართია განთავსებული, ორსართულიანია. შენობის მეორე სართული ავარიულია და საფრთხეს როგორც პირველ სართულზე მყოფებს, ისე ქუჩაში მოსიარულეებს უქმნის.

თამარ სხილაძეს იმედი ჰქონდა, რომ ამ შენობას „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციას ჩაუტარებდნენ. თუმცა, ხარაგაულის ცენტრალურ – სოლომონ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურიდან კინოთეატრამდე, ყველა შენობის ფასადის რეაბილიტაცია ხორციელდება, გარდა თამარ სხილაძის კუთვნილი და ყოფილი უნივერმაღის შენობებისა.

თამარ სხილაძე გვიამბობს, რომ ამ შენობის მეორე სართული ყოფილი რაიკავშირის საკუთრებაშია. რაიკავშირი აღარ არსებობს. ამ შენობის საკადასტრო კოდი არ იძებნება და ეს ქონება, ფაქტობრივად, უპატრონია.

ამორტიზებული მეორე სართულის სახურავიდან ქვები ცვივა და ქუჩაში ქვეითად მოსიარულეებს, გვერდით მდებარე სკოლის მოსწავლეებს საფრთხეს უქმნის. დაზიანებული სახურავიდან ნალექის დროს წყალი პირველი სართულის კარ-ფანჯარასა და კედლებს აზიანებს.

თამარ სხილაძემ  წერილით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართა.

„სანამ სოციალურ ქსელში აღშფოთება არ გამოვხატე, მერიიდან პასუხი ვერ მივიღე, – გვიამბობს თამარ სხილაძე, – შემდეგ კი გამოგვიგზავნეს წერილი, რომლითაც მერია ამ პრობლემის მოგვარებას რეგიონული განვითარების ფონდს სთხოვს.

ამ წერილში ნათქვამია, რომ „ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან კინოთეატრამდე მონაკვეთში, სოლომონ მეფიქ ქ. #13-ში მდებარე შენობის არსებული სახით დატოვება თვალშისაცემად გააუფასურებს იმ საერთო სურათს, რომელსაც „განახლებული რეგიონების“ პროგრამით“ ამ ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოების შემდგომ მივიღებთ“.

ამ შენობის უსაფრთხოება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ექვსსულიან ოჯახს ვარჩენ, სამი სტუდენტი შვილი მყავს, დავასაქმე ერთი ქალი.

იმ საქმიანობაში, რომელსაც ვახორციელებთ, ადგილობრივი თვითმმართველობა გვეხმარება –  ხარაგაულში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შესყიდვას ჩვენი აფთიაქიდან ახორციელებს. თუმცა, ყველაზე მთავარი უსაფრთხოებაა. მოვითხოვ ჩემი, ოჯახის წევრებისა და ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხოებას“.

რას გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ ინდმეწარმემ უსაფრთხო გარემოში იშრომოს, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერის მოადგილეს, დავით დევდარიანს მივმართეთ.

„განახლებული რეგიონების პროგრამის დაწყების წინ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა დაათვალიერეს, – ამბობს დავით დევდარიანი, – ყოფილი სახელგამის შენობა ამორტიზებულია და გვითხრეს, რომ მისი ფასადის რეაბილიტაცია არ არის გამართლებული.

შენობის მდგომარეობა ექსპერტებს არ შეუსწავლიათ და ამის შესახებ არც წერილობითი დასკვნა გვაქვს. ვიზუალურად რომ შეხედავ, ეტყობა, რომ ამ შენობის ფასადზე ფულის დახარჯვა არ ღირს.

ამავე დროს შენობის საკუთრების საკითხიც გასარკვევია. პრეტენზიები ყოფილი რაიკავშირის მესაკუთრეებსაც აქვთ. ამ პრობლემით ჩვენი სამსახურიც დაინტერესებულია და შესწავლის საკითხია“.

ნინო კაპანაძე