კიცხის სანერგე მეურნეობიდან ვაზის ნერგების გაცემა დაიწყო. მეურნეობის უფროსი სპეციალისტის, ამირან ოქრომჭედლიძის ინფორმაციით, უკვე გაიცა ციცქას ათასი ნერგი.

„ამინდზე ვართ დამოკიდებული. ვფიქრობ, აპრილის პირველი რიცხვებისთვის ეს პროცესი დასრულდება. ვაზის სანერგე მეურნეობიდან სულ 5 ათასი ციცქას ნერგი გაიცემა,“ – ამბობს ამირან ოქრომჭედლიძე.

კიცხში ვაზის სანერგე მეურნეობა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, ვაზის ნერგებს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომლებსაც შესწევთ უნარი ვაზის სამაგალითო მეურნეობა შექმნან და განავითარონ. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის, თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რომელ სოფელში გაიხარებს ვაზი კარგად.

„კიცხისა და ბაზალეთის ზონა ვაზისთვის საუკეთესო ადგილია. ვაზის ნერგები უნდა მოხვდეს სოციალურად დაუცველი მარჯვე გლეხების ხელში,“ – ამბობს თემურ ჩხეიძე.

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ კიცხში ვაზის სანერგე მეურნეობა 2014 წელს 30 ათასი ლარით დაფინანსდა.

ვაზის სანერგე მეურნეობა იუზა კელენჯერიძის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა.

ნინო კაპანაძე