ბუსტერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზაა.

ის მეორე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ კეთდება და იმუნიტეტს აძლიერებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილი, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის, ბუსტერით აცრა 3-6 თვის განმავლობაშიც არის რეკომენდებული. „პფაიზერის“ და „ასტრა ზენეკას“ შემთხვევაში ბუსტერი ექვსი თვის შემდეგ კეთდება.

ბუსტერით იმუნიზაცია საქართველოში ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინითაა შესაძლებელი. გამონაკლისია „ასტრა ზენეკა“. ამ ვაქცინით ორჯერადად აცრილმა მოქალაქემ, ბუსტერად „პფაიზერის“ ვაქცინა უნდა გაიკეთოს.

ბუსტერის გაკეთება რეგისტრაციითაც არის შესაძლებელი და რეგისტრაციის გარეშეც. დარეგისტრირება შესაძლებელია საიტზე booking.moh.gov.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე ბუსტერ დოზის გაკეთება 30-40 ათას ადამიანს მოუწევს: „პირველ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ბუსტერ დოზის მიღება 50 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იყო დაშვებული. ახლა 18 წელს ზემოთ ასაკის პირებსაც შეუძლიათ.

ბუსტერზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იანვარში, თებერვალსა და მარტში იქნება. 60 წელზე უფროს ადამიანებში წამახალისებელმა, 200 ლარიანმა დახმარებამ, შედეგი გამოიღო. აცრილთა შორის მათი წილი 29 %-დან 50%-მდე გაიზარდა.

ამჟამად 60 წელს გადაცილებული 400-450 ათ. ადამიანი რჩება აუცრელი. ყველა ეს მოქალაქე რომ ავცრათ, პანდემიას წელში გავტეხავთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.