ხვალ, 24 მარტს, 15 საათზე, ხარაგაულის სახალხო თეატრი ბავშვებსა და მათ მშობლებს კინოთეატრში სპექტაკლის პრემიერაზე გიწვევთ.

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის რეპერტუარს საბავშვო სპექტაკლი „სათაგური“ შეემატა.

რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ სპექტაკლზე მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. „ბავშვებისათვის და ბავშვებთან მუშაობა არის ძალიან დიდი ბედნიერება, – ამბობს ირინე ჩხეიძე, –  სპექტაკლის 14 მსახიობიდან 12 ბავშვია. მათთან მუშაობა არ იყო ადვილი, მაგრამ იყო ძალიან სასიამოვნო. სპექტაკლის მონაწილეები ნიჭიერები არიან – არაჩვეულებრივად მღერიან და ცეკვავენ. ვფიქრობთ, რომ სპექტაკლი შედგა.

მინდა, რომ „სათაგური“ ყველა სკოლის მოსწავლემ ნახოს. ვაჟა-ფშაველას ამ შესანიშნავ ნაწარმოებს მეოთხე კლასში სწავლობენ. გვინდა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები დაესწრონ სპექტაკლის პრემიერას. ხარაგაულში თითქმის ყველა ბავშვი მოკლებულია სპექტაკლების ნახვას და ვფიქრობ, „სათაგური“ მათ ძალიან გაახარებს.

რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავმართავთ ამ სპექტაკლს ხარაგაულის კინოთეატრში.“

სპექტაკლში მონაწილეობენ სახალხო თეატრის მსახიობები ლუიზა კიკნაძე და ნიკო წიკლაური, მოსწავლეები: თამარ  ლურსმანაშვილი, გუგა ბერაძე, თამთა კიკნაძე, ვატო მაღრაძე, არმაზი შავიძე, ქრისტინე ლაცაბიძე, თეო ჭიპაშვილი, ქეთი ლაცაბიძე, ცოტნე კიკნაძე, გიგი ცხადაძე, საბა ხომასურიძე, ნოდო ალავიძე.

სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია თამარ ავალიშვილი, მხატვარი გაიოზ შუბითიძე, სიმღერების ტექსტის ავტორია მამუკა ჭიპაშვილი, ქორეოგრაფი – ზაზა ლურსმანაშვილი, ოპერატორები – დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე.

„ჩვენს გვერდითაა ბათუ კიკნაძე, კინოთეატრისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ვასიკო კიკნაძის ხელმძღვანელობით. ყველა ერთად ვამზადებთ საჩუქარს თეატრის მოყვარულებისთვის, “ – ამბობს ირინე ჩხეიძე.

ირინე ჩხეიძე გეგმავს, რომ უახლოეს ხანში სპექტაკლით თბილისში საბავშვო თეატრების ფესტივალზე წარდგეს.

წარმატებები ვუსურვოთ „სათაგურს“.

ნინო კაპანაძე

 

sataguri_4 sataguri_5 sataguri_3 sataguri_1 sataguri_6