ხარაგაულელი მასწავლებელი თ. გოგოლაძე ამბობს, რომ ორივე შვილი ქუთაისში გააჩინა. მას შემდეგ გინეკოლოგთან არ ყოფილა. თუმცა, თუ დასჭირდა, ისევ ქუთაისში ან თბილისში წავა.
გინეკოლოგიურ მომსახურებას თბილისში იღებს საბავშვო ბაღის აღმზრდელი მ. ხარატიშვილი და მას ინფორმაციაც კი არ გააჩნია, არის თუ არა ეს მომსახურება ხარაგაულში.
დასაქმებულს, სამსახურში დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, უპირველესად, საკუთარი ჯანმრთელობა უნდა უწყობდეს ხელს.
რამდენად აქვთ ხარაგაულში დასაქმებულ ქალებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა, – ამ თემაზე სასაუბროდ „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ კლინიკურ მენეჯერს, მაკა ქასრაშვილს ვეწვიეთ. ქალბატონი მაკა გინეკოლოგია და მასთან საუბრისას, ქალთა ჯანმრთელობის საკითხების გარდა, პროფესიულ დაავადებებსაც შევეხეთ.
ექიმი-გინეკოლოგი მაკა ქასრაშვილი ხარაგაულელ პაციენტებს, უკვე ორ წელზე მეტია, ემსახურება. ის ამბობს, რომ დროის ამ პერიოდში მიმართვიანობა გაიზარდა.
„ორი წლის განმავლობაში გინეკოლოგიური პრობლემებით მომართვიანობამ საკმაოდ მოიმატა, – თვეში, მინიმუმ, თხუთმეტი პაციენტი გვაკითხავს. ეს, რა თქმა უნდა, მაღალი მონაცემი არ არის, მაგრამ ორი წლის წინანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, – როცა აქ არც ერთი ქალი არ მოდიოდა, – მაჩვენებელი გაზრდილია, – ამბობს მაკა ქასრაშვილი, – ხარაგაულის საავადმყოფოში ხელმისაწვდომია ვაგინალური ექოსკოპია მაღალი ხარისხის აპარატით, ლაბორატორიული კვლევები და ნაცხის ბაქტერიოსკოპია.
ხარაგაულელმა ქალებმა არ იციან, რომ ჩვენს საავადმყოფოში ამ მომსახურების მიღება შესაძლებელია. აუცილებელია, ოჯახის ექიმებმა მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს და ჩვენთან გადმოამისამართონ“.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ხარაგაულში აღრიცხვაზე იმყოფებოდა ხუთი ორსული, რომლებმაც ბავშვები სხვა ქალაქებში გააჩინეს. ამჟამად აღრიცხვაზე ოთხი ფეხმძიმე ქალი იმყოფება.
„ექვსი პაციენტი დამატებითი მკურნალობისთვის სხვა კლინიკებში გადავამისამართეთ, რადგან მათ ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებოდა. ეს კი ჩვენს საავადმყოფოში არ კეთდება, – ამბობს მაკა ქასრაშვილი, – ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებს შეღავათიან ფასებში ვემსახურებით, აქ რეგისტრირებული ქალებისთვის მომსახურება უფასოა. ხშირ შემთხვევაში პაციენტებს ონლაინ მომსახურებასაც ვუწევ“.
2014 წლიდან ხარაგაულში სამშობიარო აღარ ფუნქციონირებს. ხარაგაულში პრობლემა მხოლოდ ის კი არაა, რომ შობადობა ნაკლებია, – ამბობს მაკა ქასრაშვილი, – არამედ, სამშობიაროს ლიცენზირება სჭირდება. დაწესებულება შესაბამისი ტექნიკით უნდა აღიჭურვოს; პროფესიონალი კადრების მოძიება და მოწვევაა საჭირო. ეს ყველაფერი ძალიან რთულია.
რამდენიმე წელიწადში შეიქმნება სერიოზული დეფიციტი პროფესიონალი კადრების, – როგორც ექიმების, ასევე საშუალო სამედიცინო პერსონალის. ბოლო ხანებში ნაკლები აბიტურიენტი ინტერესდება სამედიცინო სფეროთი, რადგან ჩვენთან ნაკლებია ანაზღაურება და დაფასება. დღეს რეგიონებში ერთი ექიმი რამდენიმე დაწესებულებაში მუშაობს – ესეც კადრების სიმცირითაა განპირობებული.
თუ ახალგაზრდა ამ პროფესიას აირჩევს, აუცილებელია, ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ხელი შეუწყოს; მაგალითად, დაუფინანსოს განათლება, ან შესთავაზოს სხვა წამახალისებელი პროგრამა, რომ აქ დაბრუნდეს. სხვა შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა ხარაგაულელი კარგ ექიმად ჩამოყალიბდა, აქ სამუშაოდ აღარ დაბრუნდება. ხარაგაულში ახალგაზრდა სპეციალისტებს რეალიზაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ“.
შრომასთან დაკავშირებულია ე.წ. პროფესიული დაავადებები. მათ, ვინც დიდ დროს ატარებს დამჯდარ მდგომარეობაში – კომპიუტერთან, უვითარდებათ ოსტეოქონდროზი. ხდება მიკროცირკულაციის მოშლა და ამის შემდეგ ნევროლოგიური გართულებები.
პედაგოგებში, რომლებიც დიდ დროს ფეხზე მდგომი ატარებენ, ვენური დაავადებები იჩენს თავს. დღეს საქართველოში მომატებულია, ზოგადად, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი, რადგან ემოციური ფონი მაღალია და გაზრდილია სტრესული სიტუაციები.
ჩემდა გასაკვირად, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ 3 ათასამდე ხარაგაულელი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფება და მედიკამენტოზურ მკურნალობას იტარებს. ეს ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ დიდი ციფრია.
პანდემიის დაწყებამდე ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფი ხარაგაულის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს ატარებდა. მაკა ქასრაშვილის თქმით, სამედიცინო გასინჯვებზე არაერთი ქალი პაციენტი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ენდოკრინული ინფექციების ჩივილებით მივიდა.
„ქართველებს არ გვაქვს კულტურა, რომ ექიმთან რეგულარულად, პროფილაქტიკის მიზნით, მივიდეთ, – ამბობს მაკა ექიმი, – გამოკვლევები კი ყველა ასაკში აუცილებელია.
ქალმა გინეკოლოგიური გამოკვლევა ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს. გამოკვლევები მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებისთვის. არაერთი დაავადების ადრეულ სტადიაზე დასმული დიაგნოზი სრულად გამოჯანმრთელების შანსს ზრდის.
მნიშვნელოვანია ბავშვთა განათლება ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, აუცილებელია მოზარდებს სკოლაში საგანმანათლებლო ხასიათის საუბრები უტარდებოდეთ. აუცილებელია, ბავშვებს სკოლაში მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, კონტრაცეფციისა და ჰიგიენის შესახებ.
თუ ბავშვს სწორად მიაწოდებ ინფორმაციას, მისი რეაქციაც ადექვატური იქნება, დაინტერესდება და უფრო მეტს გაიგებს. აუცილებელია, ეს ინფორმაცია მიაწოდოს პროფესიონალმა, სწორად და დროულად.
ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური აღზრდა. შვილებთან ამ თემებზე საუბარს არ უნდა მოვერიდოთ და შედეგები სწორად უნდა დავანახოთ.
დღეს ახალგაზრდები სქესობრივ ცხოვრებას ძალიან ადრე იწყებენ. შესაბამისი განათლების არქონის, საზოგადოებაში არაჯანსაღი დამოკიდებულებების გამო, ისინი ამას მალავენ, რასაც ცუდ შედეგებამდე მივყავართ. სექსუალური გზით გადამდები ინფექციები უშვილობის გამომწვევიც შეიძლება აღმოჩნდეს – როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
საქართველოში შობადობის საშუალო ასაკი 30 წელს ზემოთაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ფეხმძიმობის პერიოდში და მშობიარობის დროს გარკვეულ მომსახურებებს აფინანსებს, შობადობა ჩვენს ქვეყანაში მაინც დაბალია და სიკვდილიანობის მაჩვენებელს ბევრად ჩამოუვარდება.
მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი, გვაქვს მძიმე სოციალური ფონი, არ ხდება ოჯახის დაგეგმარება. ეს და სხვა ფაქტორები შობადობის დაბალ დონეს განაპირობებს.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.