კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოებში მიმდინარეობს.

ხარაგაულის საავადმყოფოს ექთნის, შორენა ლოლაძის ინფორმაციით, აცრების დაწყებიდან დღემდე ამ საავადმყოფოში სულ 4 ათასზე მეტი პირია აცრილი.

„პენსიონერებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი აქცია რომ გამოცხადდა, აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა, – ამბობს შორენა ლოლაძე, – თუ ოქტომბერში სულ 190 პირი ავცერი, ამდენი უკვე ნოემბერში 17 დღეში აიცრა.

ხარაგაულის საავადმყოფოში აცრები ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, სინოვაკითა და სინოფარმით ტარდება. აცრის გაკეთება მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც წინასწარი რეგისტრაციით, ისე რეგისტრაციის გარეშე.

ბორითის საავადმყოფოს ექთანი თამარ ქავთარია ამბობს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამ კლინიკაშიც გაიზარდა. თუმცა იქ ასაცრელად ყველა ასაკის პირი მიდის.

„ოქტომბერში ყოველდღიურად 10-12 პირს ვცრიდი, – ამბობს თამარ ქავთარია, – ახლა, ბოლო სამ დღეში, 100-ზე მეტი ადამიანი ავცერი.

ბორითის კლინიკაში აცრა სინოვაკით პარასკევს, შაბათსა და კვირასაა შესაძლებელი, – პარასკევს და შაბათს წინასწარი რეგისტრაციით, ხოლო კვირას – რეგისტრაციის გარეშე.

სულ ბორითში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების დაწყებიდან დღემდე 550 პირია აცრილი“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 066 159 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 087 524 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 38.3 %; სრულად ვაქცინირებულია 971 578 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.0%.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პენსიონერები, რომლებიც 2022 წლის პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.