

„ეს დალოცვილი მხარე გამორჩეულია სულიერებით, მონასტრებით, მოღვაწეებით, სიდიადით. თითოეული ჩვენგანი ვგრძობთ, თუ როგორი დიდია აქ მოღვაწე მამების შემწეობა. მადლობა უფალს, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, გვეწირა ამ დალოცვილ ადგილზე,“ – აღნიშნა მარვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში წირვის შემდეგ.
მეუფემ მრევლს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ახალი დირექტორი და სამლოცველოს წინამძღვარი მამა იოსები (გაჩავა) წარუდგინა. „უწმინდესის კურთხევით სიახლეებია ჩვენს ეპარქიაში, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა ქადაგებისას, – ჩვენთან გადმოვიდა მოძღვარი, რომელიც იმოღვაწებს ხარაგაულში. მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში დავაარსე განათლებისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის განყოფილება და იმასაც უხელმძღვანელებს დეკანოზი იოსები. ყველანაირად გვერდში დავუდგეთ მას. ვუსურვებ ღვთის ულევ მადლსა და წყალობას.“
ხარაგაულში სამეუფო წირვისას სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმყოფებოდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, სამლოცველოს ამოქმედების შემდეგ, პირველი მოძღვარი და ამჟამად კვიპროსში მოღვაწე მამა ზაქარია (ფერაძე).
მან ხარაგაულელ მრევლს მიმართა:
-24 წლის წინ დავიწყე მსახურება ხარაგაულში. აქ ავიდგი ფეხი, როგორც სასულიერო პირმა და თქვენი სიყვარული და სითბო სულ თან დამყვება. მიხარია, რომ აქ სულიერი ცხოვრება ძლირდება, იზრდება და დიდი მადლი ტრიალებს.
ბედნიერი ხალხი ხართ, რომ გყავთ ასეთი ძვირფასი მეუფე, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული. მან ათენის სასულიერო აკადემიაში დაიცვა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი. ძალიან თავმდაბალია. დაეშურეთ, რომ მისგან მიიღოთ სწავლება და მადლი. ქრისტიანობა, უპირველეს ყოვლისა, არის სიყვარული. სიყვარულით რომ იყოთ სავსე, უნდა დაიცვათ ღვთის მცნებები. თავმდაბლები, მიმტევებლები და სიკეთის მთესველები უნდა ვიყოთ.
თავის მხრივ, ქადაგებისას, მეუფე მელქისედეკმა მამა ზაქარიას კვიპროსში მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება და ისურვა, რომ ყველა ეპარქიას ჰყავდეს მამა ზაქარიას მსგავსი ერთი მოძღვარი მაინც. „განსაკუთრებულია იმ მოძღვრების მდგომარეობა, რომლებიც უცხოეთში არიან სხვების გასაძლიერებლად. ქართველები იქ თავისი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად მიდიან, მოძღვრები კი – მათი მსახურებისთვის. კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს, როდესაც მოგენატრება ყველა და ყველაფერი, სახლში დაბრუნებას ნატრობ, მაგრამ მოვალეობა და პასუხისმგებლობა, სიყვარული უფლისა და მოყვასისა, არ გაძლევს ამის უფლებას. მინდა დავლოცო უცხოეთში მყოფი ქართველები და იქ მოღვაწე სასულიერო პირები. ღვთის შეწევნით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით საზღვარგარეთ ეპარქიები იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები არ დავკარგოთ, ერთად შევკრიბოთ ტაძარში, შევუნარჩუნოთ ქართველობა და ისე დავაბრუნოთ უკან. ეს არის უდიდესი თავგანწირვა და ამის მაგალითია მამა ზაქარია.“
მეუფე მელქისედეკმა ქადაგებისას ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძარზე ისაუბრა:
-ღმერთმა ინებოს, რომ მალე დასრულდეს ტაძრის მშენებლობა. ვხედავთ, თუ როგორი სიდიადეა თითოეულ ჩუქურთმაში. როგორც ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი ბატონი ცეზარი ამბობს, ეს ნამდვილად არის ოცდამეერთე საუკუნის ნიკორწმინდა. შევეცდებით, რომ ამ ტაძრის კურთხევაზე უწმინდესი ჩამოვიყვანოთ და მისგან მივიღოთ კურთხევა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ნინო კაპანაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).