ხარაგაულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დაიწყო.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილიგან მოპოვებული ინფორმაციით, დაფასოებულ პროდუქტებს (ერთი ლიტრი ზეთი, ერთი ქილა შედედებული რძე, თითო-თითო კგ. შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ქათმის ფილე, ლობიო, 0,5 კგ „პეჩენია“, 200 გრ. კარაქი და 10 კვერცხი) დღეს, 9 ნოემბერს, ჩხერიმელას ხეობის საბავშვო ბაღებში შეიტანენ.

ხვალ კიცხის ზონის, ხოლო 11 ნოემბერს – ძირულას ხეობის საბავშვო ბაღები მიიღებენ აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს.

დაფასოებულ პროდუქტებს მშობლები საბავშვო ბაღებიდან თავად წაიღებენ.

გაერთიანების ადმინისტრაციიდან მოპოვებული ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელისთვის განკუთვნილი სურსათის ღირებულება 46 ლარია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ოცი საბავშვო ბაღის 540 აღსაზრდელზე, ჯამში, დაახლოებით 25 000 ლარის პროდუქტი გაიცემა.

აღსაზრდელებზე სურსათის დარიგების აუცილებლობა ეპიდვითარების დამძიმებამ გამოიწვია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღები 2 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე დაკეტილია. როდის აღდგება ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ეს მთლიანად, ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

ფოტოზე – ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში აღსაზრდელებისთვის პროდუქტებს აფასოებენ