
საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება.
COVID-19 დიდი ხანია გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩარჩოებს, ზოგადად ჯანდაცვის სისტემას და ამ ვირუსთან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა.
ვაქცინაცია იყო და რჩება ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვაქცინაცია კაცობრიობის ისტორიაში მედიცინის და ზოგადად მეცნიერების ერთ-ერთ უდიდესი მიღწევაა.
მსოფლიოში პირველი ვაქცინაცია ედუარდ ჯენერის სახელს უკავშირდება. მან 1796 წელს 8 წლის ბიჭს ძროხის ყვავილით გამოწვეული დაზიანებული კერიდან მიღებული მასალა შეუყვანა, რითაც დაიწყო ვაქცინაცია ყვავილის საწინააღმდეგოდ.
ყვავილი უმძიმესი დაავადება იყო, რომელიც კლავდა ყოველ მესამე ინფიცირებულს და რომელიც სწორედ ვაქცინაციის შედეგად სრულად აღმოიფხვრა მთელ მსოფლიოში.
მნიშვნელოვანია, რომ იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში (პენიცილინი, რენტგენის სხივები, დნმ, ინსულინი, ანესთეზია და სხვ.).
ვაქცინაციის სარგებელზე ბევრი ისტორიული ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ვაქცინაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისაგან.
დღეს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი B, ზოგიერთი პნევმონია და მენინგიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა, ტუბერკულოზი, ცოფი, ყვითელი ცხელება, ტიფი, იაპონური ენცეფალიტი, ჩუტყვავილა, ადამიანის პაპილომავირუსი, მენინგოკოკი, ჰერპეს ზოსტერი და სხვ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინაციის სარგებელი ყოველწლიურად 2-3 მილიონი ბავშვის შენარჩუნებული სიცოცხლეა და ნახევარ მილიონზე მეტი უმძიმესი დაავადების პრევენციული შემთხვევა.
პოლიტიკური ნების, გლობალური თანამშრომლობისა და დაფინანსების უპრეცედენტო კომბინაციამ შესაძლებელი გახადა COVID-19-ის ვაქცინების სწრაფი განვითარება, ვაქცინის მაღალი უსაფრთხოების და ეფექტურობის ფონზე.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება მკაცრი რეგულირების პროცესს ექვემდებარება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მიღებამდე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გადიან მკაცრ ტესტირებას კლინიკურ კვლევებში იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინების დანერგვა ვაქცინის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია და ემყარება სამი ფაზის კვლევებს, რაც ყველა ვაქცინის ანოტაციაშია აღწერილი. ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60%-დან 95%-მდე.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ეს არის ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები და კლასიკური, ძველი ტექნოლოგიებით შექმნილი, უკვე გამოცდილი ვაქცინები.
ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინებიდან აღსანიშნავია მ-რნმ ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები, ისეთი როგორიც არის პფაიზერი და მოდერნა და ვექტორული ვაქცინები ისეთი, როგორიც არის ასტრაზენეკა და ჯონსონ და ჯონსონი ვაქცინა.
რაც შეეხება კლასიკური ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებს, ეს გახლავთ სინოვაკი და სინოფარმი, რომლებიც ინაქტივირებული ვირუსისგან არის დამზადებული.
არსებობს ვირუსის ფრაგმენტისგან დამზადებული ე.წ. ცილოვანი ვაქცინები, როგორიცაა ნოვოვაქსის ვაქცინა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა ძალზე ეფექტურია COVID-19–ის მძიმე დაავადებისგან დასაცავად.
საუკეთესო ვაქცინა ისაა, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომია თქვენთვის! დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია შემდეგი ტიპის ვაქცინები: Pfizer-BioNTech (პფაიზერი); Oxford/AstraZeneca (ოქსფორდ ასტრაზენეკა); Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი); Sinovac. CoronaVac-Vero Cell, Inactivated (სინოვაკი). საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს 300-ზე მეტ ვაქცინაციის პუნქტში.
და კიდევ რამოდენიმე მტკიცებულება, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს 21-ე საუკუნეში.
24 აგვიტოს წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ არავაქცინირებული ადამიანები 29 -ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში.
ახალმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს თითქმის ხუთჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ დაინფიცირდნენ COVID-19-ით, ვიდრე ვაქცინირებულ პირებს. ასევე სტატისტიკის თანხმად, სრულად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების შანსი მინიმალურია.
პანდემიის შესაჩერებლად COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება, კერძოდ ნიღბის ტარება, სულ მცირე ერთ მეტრიანი დისტანცია და ხელის ჰიგიენის დაცვა.
ნინო მირზიკაშვილი
ილიას უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი
P.S. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში მიმდინარეობს.
ხარაგაულის კლინიკაში აცრები სამშაბათსა და ხუთშაბათს ტარდება. აქ აცრა შესაძლებელია სინოვაკითა და სინოფარმით. აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.
ბორითის კლინიკაში აცრები პარასკევს, შაბათსა და კვირას მიმდინარეობს. აქ აცრა მხოლოდ სინოვაკითაა შესაძლებელი. პარასკევსა და შაბათს წინასწარ დარეგისტრირებულ პირებს ცრიან, კვირას კი – ნებისმიერ მსურველს, რეგისტრაციის გარეშეც.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ტრადიციულად,
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოები,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს
ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მოძღვრის, დეკანოზ თომას