ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის პროექტმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“.

პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეთა მეცნიერებით დაინტერესება, კვლევების პოპულარიზაციის გზით.

წლევანდელ კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 10 სკოლის პროექტი გამოცხადდა გამარჯვებულად.

კიცხის საჯარო სკოლის გამარჯვებული პროექტი „სურსათის საიდუმლოებები ჩემი ლაბორატორიიდან“ მიზნად ისახავს მოსწავლეთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაძლიერებას სურსათის ქიმიის, ნუტრიციოლოგიისა და სურსათის ტექნოლოგიის გამოყენებით. ლაბორატორიული ექსპერიმენტების მეშვეობით VIII- XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან შაქრების, მჟავების, საღებავებისა და შემასქელებლების თვისებებს, მათ გავლენას სურსათის სტრუქტურაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ეს პროექტი აგრძელებს წარსულ წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც განხორციელდა მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სახელწოდებით „სამეცნიერო მოგზაურობა სურსათის საოცრებათა სამყაროში“.

პროექტი ექვსთვიანია და მისი განხორციელება 2025 წლის ნოემბრიდან დაიწყება.

პროექტის ხელმძღვანელი – ჟუჟა ხაჭაპურიძე, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი აგრარულ უნივერსიტეტში;

პროექტის თანახელმძღვანელი – ელისო არჯევანიძე, კიცხის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი, რომელსაც პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

პროექტის ასისტენტი – გიგა ლომიძე, აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც ამავე უნივერსიტეტში 2023 წლიდან კითხულობს ლექციებს/უძღვება პრაქტიკულ მეცადინეობებს სურსათის ქიმიის მიმართულებით.

ვულოცავთ კიცხის საჯარო სკოლას, გამარჯვებული პროექტის თანახელმძღვანელს ელისო არჯევანიძეს, მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას! პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.