საქართველოში ვაქცინაციის პროცესმა საგრძნობლად იკლო.

აგვისტოში ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი თუ 23 480 აღწევდა, ოქტომბერში ის 5 687- მდე ჩამოვიდა. დღეის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები, 18 წელს ზემოთ მყოფი, მოსახლეობის 33% არის ორჯერადად აცრილი, ხოლო ერთჯერადად – 36,5%.

პენდემიის შესაჩერებლად მოსახლეობის 70-80%-ის აცრაა საჭირო. ვაქცინაციის ინტენსივობის კლების ფონზე, „ასტრა-ზენეკას“ 17 ათას დოზას ვადა გაუვიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინას 6 თვემდე ვადა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით მრავალი კვლევა ჩატარდა. გადაწყდა, რომ „ფაიზერის“ ყველა ვაქცინას, რომელიც 60-80 გრადუს ტემეპრატურაზე ინახება, 3 თვით გაუგრძელდეს მოქმედების ვადა. ჩინური ვაქცინები კი 2 წლის განმავლობაში გამოყენებისთვის ვარგისიანი არიან.

„საგანგაშოა, რომ ეპიდსიტუაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება. მომატებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. პანდემიას მხოლოდ ვაქცინაცია შეაჩერებს. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს იმ ხელშემწყობ აქტივობებს, რომელიც იმუნიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს. გარკვეული ღონისძიებები და შეზღუდვები თუ არ დაწესდა, აცრების მაჩვენებელი აღარ გაიზრდება.

უნდა ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს, დავიცვათ დისტანცია და რაც მთავარია, ავიცრათ. ამ რეკომენდაციების დაცვა ჩვენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუსტერ დოზასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ის 2 ათასამდე ადამიანს აქვს გაკეთებული. ბუსტერ დოზად, ძირითადად, „ფაიზერის“ ვაქცინა გამოიყენება.

ნებისმიერი ვაქცინით აცრის შემდეგ, 6 თვის თავზე შეიძლება ბუსტერის გაკეთება იმ ჯგუფებისთვის, რომელიც ქვეყანაშია დადგენილი. ესენია: 50 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 50 წლამდე ასაკის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასევე ის ადამიანები, ვისაც ვაქცინაცია მოგზაურობისთვის სჭირდება.