ეს პროფესიული წარმატება პოლიტიკურს რომ შევადაროთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების ტოლფასია, – განმარტავს საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო პრემიის ლაურეატი, EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი და საზოგადოებას, პირველ რიგში – კოლეგებს, ამ დიდ მიღწევას ულოცავს.

„ეს ისტორიული მოვლენა და დღესასწაულია ყველა ქართველი გეშტალტთერაპევტისთვის და არა მარტო. გილოცავთ ძვირფასო კოლეგებო! ხანგრძლივი მუშაობა და მოლაპარაკებები ევროპის გეშტალტთერაპევთა ასოციაციასთან დამთავრდა. სამუშაო პროცესი სხვადასხვა კომიტეტებთან კოორდინირებულ მუშაობას მოიცავდა, რომლის დროსაც ჩვენს წესდებაში ცვლილებები აისახებოდა.

ჩვენი მხრიდან მრავალი სპეციალისტი ჩაერთო და საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაცია ევროპის ასოციაციათა კავშირის წევრია. ჩვენ ევროპული ასოციაციის მართვას ვანხორციელებთ, ევროპული ქვეყნების ასოციაციებთან ერთად.

პოლიტიკურ სივრცეს რომ შევადაროთ პროფესიული, ეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებას ნიშნავს. ჩვენი ასოციაცია მთელ საქართველოს ტერიტორიაზე არეგულირებს, ხუთი კომიტეტის შემადგენლობით, კანონმდებლობას ფსიქოთერაპიის სფეროში. ამას ცნობს და ამ პროცესში დახმარებას უწევს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია.

ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს მოსახლეობისათვის, კლიენტი და ფსიქოთერაპევტი იურიდიულად და ეთიკურად დაცულნა კანონმდებლობით. ამ პროცესს ჩვენი ძალებით ვანხორციელებთ.

მოლოცვები მივიღეთ პრეზიდენტისგან და აღმასრულებელი კომიტეტიდან. ჩვენს პროფესიულ სფეროში წარმატება, საქართველოს გამარჯვებების ხელისშემწყობი ყოფილიყოს!“ – წერს სოციალურ ქსელში პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.