„ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კოვიდ დადასტურებული მოქალაქეები მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

ამ დროს ჩვენ, რკინიგზის სადგურის მოლარეები, რისკის ქვეშ ვიმყოფებით. არ შეიძლება ადგილობრივად მოხდეს ასეთ სოფლებში მოსახლეობის ტესტირება“ ?! – სოციალური ქსელით მიმართავს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მზია კიკნაძე.

დავინტერესდით, რა უნდა გააკეთოს ჩხერიმელას ხეობის სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა, რომელსაც კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და სურს, ვირუსის დამადასტურებელი ტესტი გაიკეთოს. ამ ადამიანებისთვის გადაადგილების ერთადერთი ტრანსპორტი ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ „ასეთ შემთხვევაში მოსახლეობამ ტრანსპორტირებისასმაქსიმალურად უნდა დაიცვას რეკომენდაციები – გამოიყენოს პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი, ან გადაადგილდეს საკუთარი ტრანსპორტით“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფლებში არ არის აფთიაქი, რომ მოსახლეობამ პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი შეიძონოს. ოჯახების უმრავლესობას არც საკუთარი ტრანსპორტი ჰყავს.

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი გვეთანხმება, რომ ეს პრობლემა ნამდვილად დგას ხარაგაულის სინამდვილეში.

„დაბა ხარაგაულში კორონავირუსის დამდგენი ტესტის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ხარაგაულის საავადმყოფოშია  შესაძლებელი. ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე სოფლებისთვის ტესტირებას ბორითის კლინიკა უზრუნველყოფს. ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობა კი ამ მიმართულებიოთ ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია.

აუცილებელია, რომ კორონავირუსის დამდგენი ტესტის გაკეთება შესაძლებელი იყოს მოლითის საექიმო ამბულატორიაში. ამ საკითხზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ და, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ამ საკითხს დადებითად გადავწყვეტთ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ამბობს, რომ იმ სოფლებში სადაც არ არის აფთიაქი, აუცილებელია პირბადე და ჰიგიენის ნივთები ხელმისაწვდომი იყოს რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში – სკოლაში, საბავშვო ბაღში ან ადმინისტრაციულ შენობაში.

„პანდემიის პირობებში ჩვენ მუდმივად ვიქნებით ახალ-ახალი გამოწვევებისა და შიშების წინაშე ვიდრე, მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ ჩაიტარებს.

ვაქცინაცის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბალია და მათ შორის იმერეთის რეგიონის მაღალმთიან სოფლებში.

ვაქცინაცია  ერთადერთი გზაა, რომელიც დაასრულებს პანდემიას. ვაქცინაცია გვიცავს არა მხოლოდ დაავადების გავრცელებისგან, არამედ დადგენილია, რომ მაღალი პროცენტით ამცირებს დაინფიცირების რისკს.

ვაქცინირებული ადამიანი ვირუსის გადამდებიც ნაკლებადაა“, – ამბობს აკაკი ზოიძე.

თამთა გოგოლაძე