სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ. მას ხშირად სტუმრობენ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები, რომლებიც პატრიარქისგან რჩევასა და ლოცვა-კურთხევას იღებენ.

17 მარტს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგის კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელ ლაშა გოგოლაძისა და საქველმოქმედო ფონდ „ქვიშის საათის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მარიკა შენგელიას ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაზე  იმყოფებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ თბილისში მცხოვრები 50-მდე უნარშეზღუდული პირი.

შეხვედრაზე ხარაგაულელმა რუსუდან გურგენიძემ ისაუბრა ხარაგაულში მცხოვრები შშმ პირებზე. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი არასრულწლოვანი და 100-ზე მეტი სრულწლოვანი უნარშეზღუდული ადამიანი ცხოვრობს და მათთვის უახლოეს მომავალში დღის ცენტრის გახსნა იგეგმება.

რამდენიმე უნარშეზღუდული ბავშვი სიმღერით წარსდგა პატრიარქის წინაშე. ანა ქაჯაიამ თეატრალურ კვარტეტთან ერთად შეასრულა საგალობელი „წმინდაო ღმერთო.“ ძმებმა ტურაბელაშვილებმა შეასრულეს სიმღერა „ვტირი, უშენოდ ვტირი…“, თინათინ შარიქაძემ კი ლექსი „გაზაფხული“ წაიკითხა.

ახალგაზრდა ხარაგაულელი მომღერლის მადონა შველიძისგან შესრულებულმა სიმღერებმა „ფსოუ“ და „განთიადი“ პატრიარქისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა, „თეატრალურმა კვარტეტმა“ კი სიმღერის ჩაწერა შესთავაზა.

შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა რუსუდანმა მადლობა გადაუხადა უწმინდესს. უწმინდესმა კი ჯანმრთელობა და ბედნიერი აღდგომის დღესასწაული უსურვა იქ მყოფ საზოგადოებას.

„ყოველი შემდგომი აღდგომა იქნება ღვთისადმი აღსავლენი მადლიერების დღე,“ – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქთან დამშვიდობების შემდეგ ახალგაზრდებმა ჯერ სამება, შემდეგ კი სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი მოილოცეს და უდიდესი მადლით აღვსილნი დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პატრიარქთან სტუმრობა გააშუქა საპატრიარქოს ტელევიზიამ „ერთსულოვნება.“

შეხვედრის ხარაგაულელი მონაწილეების ტრანსპორტირება ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ანა გოლუბიანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი