

ხარაგაულელთა ჯგუფი კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩაერთო. 14 მარტს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, გაიმართა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები, პროცესები, პრიორიტეტები“. კონფერენციას უძღვებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
ხარაგაულიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, კულტურის ცენტრის დირექტორი ვასილ კიკნაძე, ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.
ღონისძიებაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარადგინა კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი, რომელშიც გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციები.
კონფერენციაზე კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსიები შემდეგ თემებზე: კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
კონფერენცია მიზნად ისახავდა კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ამ პროცესით საზოგადოების დაინტერესებას, ძირითადი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიებას.
კონფერენციაზე გამოთქმული რჩევები და მოსაზრებები განთავსდება ვებგვერდზე www.culturepolicy.ge.
შემუშავდება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია (2015-2025 წწ.) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წწ.). ამ ორ დოკუმენტს 2015 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო: „დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ და რეგიონის წარმომადგენლებთან ასეთი შეხვედრა კულტურის სამინისტროს, კარგა ხანია, არ გაუმართავს. ვფიქრობ, ძალიან დროულია კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყნისათვის.
დისკუსიის შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფებად. ვისაუბრეთ პრობლემებზე. ხარაგაულისა და იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა კვალიფიციური კადრების უკმარისობა და ძლიერი მიგრაცია. ახალგაზრდები, განათლების მიღების შემდეგ, დედაქალაქში რჩებიან. ხარაგაულში სამუშაოდ აღარავინ ბრუნდება. გამოვთქვით აზრი, რომ იქნებ შეიმუშაოს მთავრობამ ისეთი სტრატეგია, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოს ახალგაზრდა სპეციალისტების დაბრუნებას რეგიონებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უნდა განისაზღვროს კულტურის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში.
კულტურის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია ვებგვერდზე www.culturepolicy.ge შესვლა, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება და ამით – კულტურის სტატეგიის შემუშავებაში ჩართვა.
ლაურა გოგოლაძე
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).