დღეს, 16 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ხარაგაულში „ახალგაზრდული საკრებულოს“ დაფუძნებას აპირებს.

სამოცდაათ უფროსკლასელთან შეხვედრა კინოთეატრის შენობაში 15:00 საათზე გაიმართება.

„ახალგაზრდული საკრებულოები“ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე XI-XII კლასელებით ყალიბდება პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა 2015“ ფარგლებში.

ა/ო „ადამიანი კანონი თავისუფლებისგან“ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.

ღია ლექციებს ჩაატარებენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და წარმატებული ახალგაზრდები.

შერჩეული ახალგაზრდები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსკურსიებში, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებში.

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ 64 მუნიციპალიტეტში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულია 2105 საკრებულოს წევრი. პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო“ წევრებად, ტესტირების შედეგად, შეირჩევა ამავე რაოდენობის მაღალი აკადემიური მოსწრების, ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდა. შემდეგ ეტაპზე, შერჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხდება „ახალგაზრდული საკრებულოს“ თავმჯდომარის არჩევა და საკრებულოს თემატური კომისიების ჩამოყალიბება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ინტერნეტ პორტალი, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდული საკრებულოების 2105 წევრს და სადაც განთავსდება მათზე დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, მოცემული იქნება თითოეული წევრის ინიციატივებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციები. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდული საკრებულოსთვის“ უკვე არსებობს 64 Facebook გვერდი.