ჭიათურის საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა. 52 წლის ასაკში გარდაიცვალა ექიმი-პედიატრი, „ჯეო-ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის კლინიკური და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბიწაძე.

დავით ბიწაძე ჭიათურის სოფელ თვალუეთში 1968 წელს დაიბადა. 1991 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. 1991 წლიდან ნიგოზეთის საექიმო ამბულატორიის ექიმად მუშაობდა. იყო ჭიათურის ქალაქის რაისაავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში.

ის დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა პაციენტებსა და კოლეგებში. ჭიათურელები უზომოდ მადლიერი არიან მისგან გადარჩენილი ათეულობით პატარას სიცოცხლისთვის, პაციენტებზე ზრუნვაში გათენებული ღამეებისთვის. მას, როგორც სამაგალითო ექიმსა და საუკეთესო პიროვნებას ახასიათებენ.

„დავითი ჩემი უმცროსი მეგობარი იყო, – ამბობს ჭიათურის მედმუშაკთა პროფკავშირის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე ნათელა მოდებაძე, – გაუსაძლისი ტკივილი დაგვიტოვა ახლობლებს, კოლეგებს, უახლოეს ადამიანებს. ის მაღალი დონის პროფესიონალი გახლდათ – ყველას გვერდში მდგომი“.

დავით ბიწაძე კორონავირუსს ემსხვერპლა. ის საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. ოჯახის ახლობელთა ინფორმაციით, მას რამდენიმე თანმხლები დაავადება აწუხებდა.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს დავით ბიწაძის ოჯახს, ახლობლებს, ჭიათურის ექიმთა საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისმა გარდაცვალებამ გული დასწყვიტა.

 

ფოტოებზე: დავით ბიწაძე კოლეგებთან ერთად