17-24 ოქტომბერს თბილისში უკვე მეექვსედ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) გაიმართება.

ფესტივალი 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. გამონაკლისი იყო მხოლოდ 2020 წელი, როცა პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამო, რამდენიმე ონლაინ დისკუსია გაიმართა.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორი და მასპინძელი მწერალთა სახლია. წლევანდელი ფესტივალი UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში გაიმართება.

17 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. წლევანდელი პროგრამის მთავარი თემაა ქალაქი, როგორც სიმბოლო, რომელიც ამერიკელ პოეტსა და აქტივისტ ლორენს ფერლინგეტის უკავშირდება.

მის შემოქმედებას ფესტივალის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა.

TIFL 2021-ის ლიტერატურული პროგრამა რამდენიმე ეტაპად იყოფა. ფესტივალის პირველი ნაწილი მოიცავს პოეზიის საღამოებს და დისკუსიებს ლიტერატურის როლის შესახებ სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმში.

პროგრამის ამ ნაწილის მონაწილეები უმეტესად პოსტ-საბჭოთა სივრცის ავტორები იქნებიან. 17-19 ოქტომბრის ღონისძიებების მონაწილე ავტორები არიან:

ბელარუსი პოეტების წყვილი იულია ტიმოფეევა და ალჰერდ ბახარიევიჩი (ისინი ამჟამად გრაცის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის რეზიდენტები არიან);
ალექსეი ცვეტკოვი – რუსულენოვანი დისიდენტი პოეტი (ამჟამად ცხოვრობს ისრაელში);
ლიუბა იაკიმჩუკი – ახალგაზრდა უკრაინელი პოეტი;
რასიმ გარაჯა – აზერბაიჯანელი პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელი;
ვაჰე არსენი – სომეხი პოეტი და მთარგმნელი;
ანასტასია ლევკოვა – მწერალთა სახლის რეზიდენტი, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტთან ერთად ორგანიზებული გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის მონაწილე.

პროგრამის ამ ნაწილის ღონისძიებებია:

  • პოეზიის საღამოები;
  • პოეტური პერფორმანსები;
  • ლიტერატურული დისკუსიები სხვადასხვა თემაზე: მწერლების ყოფა და შემოქმედება საომარ და ტოტალიტარულ რეჟიმებში; წინააღმდეგობა რუსული ოკუპაციის მიმართ ქართულ და უკრაინულ ლიტერატურულ სივრცეში.

19, 20 და 21 ოქტომბერს ფესტივალი ქართველ ავტორებს უმასპინძლებს. გაიმართება დისკუსიები სამი ქალაქის (თბილისი, გორი და ქუთაისი) და ლიტერატურაში მათთან დაკავშირებული სიმბოლიზმის შესახებ.

ფესტივალის დასკვნითი ნაწილის მონაწილეები არიან:

ამერიკელი ფანტასტი მწერალი ბლეიკ კრაუჩი;
მხატვრული რედაქტორი და შემოქმედებითი წერის ლექტორი ჟაკლინ ბენ-ზეკრი; არგენტინელი რომანისტი არიანა ჰარვიცი;
პარიზში მცხოვრები ლიბანელი მწერალი იმან ჰუმაიდანი;
ვენაში მცხოვრები სუდანელი პოეტი ტარიკ ელ-ტაიბი;
შვეიცარიელი პოეტი და პერფორმერი ჰაიკე ფიდლერი და ფრანგი პოეტი ორელია ლასაკი („ვერსოპოლისის პოეზიის“ პლატფორმის ეგიდით მოწვეული ავტორი).

პროგრამის დასკვნითი ნაწილი დაეთმობა ღონისძიებებს:

  • საავტორო შეხვედრები მკითხველთან;
  • ლიტერატურული დისკუსიები სხვადასხვა თემაზე: მწერლობა რამდენიმე ენის სივრცეში; განსხვავება მწერლის შინაგან იზოლაციასა და იძულებით იზოლაციას შორის; რედაქტორის როლი მხატვრული ტექსტის შექმნაში.
  • ბლეიკ კრაუჩისა და ჟაკლინ ბენ-ზეკრის ლიტერატურული ვორქშოფი სტუდენტებისა და ახალბედა ავტორებისთვის.
  • ლორენს ფერლინგეტის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო. პოეტის ლექსებისა და თარგმანების საჯარო კითხვა და ფილმის ჩვენება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; UNESCO-ს პროექტი თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი; თბილისის მერია; ამერიკის საელჩო საქართველოში; ისრაელის საელჩო საქართველოში; პოეზიის ევროპული პლატფორმა Versopolis Poetry; მულტიმედია პლატფორმა ინდიგო.