დღეს, 4 ოქტომბერს, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში, ისევე როგორც მუნიციპალიტეტში მოქმედ 25 საჯარო სკოლაში, სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო.

სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიებას მარგვეთის და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.

მეუფემ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და გიმნაზიის კოლექტივს მიულოცა. მან აღნიშნა, რომ გიმნაზიაში ყველა პირობა იქმნება იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეები ნამდვილ მოქალაქეებად, პატრიოტებად, ნამდვილ ქრისტიანებად აღვზარდოთ, რომ მათი სიტყვა და საქმე იყოს ერთი, რომ გიმნაზიაში გატარებული დღეები საუკეთესოდ გაახსენდეთ“, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა.

სასულიერო გიმნაზია კერძო სკოლის სტატუსის გამო, განათლების სამინისტროს პროექტებში ვერ ერთვება. ამის მიუხედავად, მეუფე მელქისედეკის ძალისხმევით, გიმნაზიის 14 პირველკლასელს საჩუქრად სახელმძღვანელოები და პლანშეტები გადაეცა. ყველა საკლასო ოთახი „ჭკვიანი დაფებით“ აღიჭურვა.

სასწავლო წლის დაწყება გიმნაზიელებს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ მიულოცა.

გიმნაზიის მოსწავლეებმა სწავლის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე საგალობლები და ქართული ცეკვები შეასრულეს.

ნინო კაპანაძე

საზეიმო ღონისძიების ამსახველი ფოტოები იხილეთ ლინკზე