„ძნელია დევნილი პედაგოგისა და მოსწავლის ცხოვრება. დიდი მადლობა, რომ გვიმსუბუქებთ ყოფას. ვიგრძენით, რომ მარტონი არ ვართ. როცა გვიჭირდა, ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ხარაგაულმა გაიღო. გვჯერა, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში წელგამართულები,“ – აღნიშნა აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა ლუიზა შონიამ ხარაგაულში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

2013 წლის საატესტატო გამოცდებზე გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი მედიკო ზუხბაია. სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნაძის თქმით, მაშინ დაიგეგმა ერთობლივი პროექტი აფხაზეთის #1 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით. გასული წლის აპრილში ხარაგაულის #2 სკოლაში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, შემდეგ – აფხაზეთის #1 საჯარო სკოლაში, რომელიც განთავსებულია ზუგდიდში. გაფორმდა სკოლებს შორის მეგობრობის მემორანდუმი.

„ეს ყველაფერი სახალხო დიპლომატიის ნაწილია და აფხაზეთის დაბრუნებას შეუწყობს ხელს, – აღნიშნა ვალერი გოგნაძემ, – მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად უფრო ფართო მასშტაბიანი ღონისძიება დაიგეგმა.“

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეზოში შეკრებილი საზოგადოების წინაშე მოსწავლეებმა კესო შარიქაძემ და მადონა შველიძემ შეასრულეს სიმღერები აფხაზეთზე, თამარ ჭიპაშვილმა წაიკითხა ლექსი, შესრულდა ცეკვა „აფხაზური.“

სკოლაში სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა „ჩვენი თვალით დანახული აფხაზეთი“.

სკოლის ეზოში შეკრებილთ მიესალმა აფხაზეთის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია. მან მადლობა გადაუხადა სკოლის დირექციას, პედკოლექტივსა და მოსწავლეებს ღონისძიებისთვის. „აღელვებული და აღფრთოვანებული ვარ, – აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ, – ლექსის წაკითხვა და სიმღერის თქმა სხვადასხვა ტონალობაში შეიძლება. დღეს ამ ყველაფერს სხვა პათოსი და დატვირთვა აქვს და განსაკუთრებულად გაგვათბო. ეს იმ ხარაგაულელი ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე შესწირეს საშობლოს. ჩვენს შორის ისეთი კავშირია, რომელიც არასდროს გაწყდება. დადგება დრო, იმ ბიჭების სისხლი და ამ პატარების განწყობა იქნება დამაკავშირებელი ძაფი, რომელიც ჩაგვიყვანს ჩვენ აფხაზეთში და აფხაზებს ჩამოიყვანს აქ.“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიას თქმით, „აფხაზეთის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა ის, რომ მთელი ქართველობა დაირაზმოს ამ იდეის გარშემო. მინდა გითხრათ, რომ ამ ლექსებითა და სიმღერებით თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ამას მივხვდებით მაშინ, როცა აფხაზეთში დავბრუნდებით.“

აფხაზეთის მთავრობის კულტურისა და განათლების მინისტრმა, მსახიობმა დიმიტრი ჯაიანმა აღნიშნა, რომ ამ ემოციურად დატვირთულ დღეს შევძახებთ სოხუმს და დადგება დრო, როცა აფხაზებთან ერთად ხარაგაულში აღვნიშნავთ აფხაზეთის დაბრუნებას.

ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის კურსდამთავრებული, გალიდან დევნილი თამარ ვეფხვაძე ხარაგაულში სტუმარიც იყო და მასპინძელიც. მან წარმატებები უსურვა ხარაგაულელებს და მალე ჩვენი აფხაზეთში სტუმრობა ისურვა.

„პროექტის სახელწოდებაა „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის საქართველოს რეგიონებში.“ დიდი მადლობა პროექტის მხარდაჭერისათვის. პროექტის მიზანია, გავაღვივოთ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთება და არ დავავიწყოთ მათ აფხაზეთი,“ აღნიშნა ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა ბელა კოპალიანმა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის თქმთ, აფხაზეთი არ არის მხოლოდ მიწა. აფხაზეთი, უპირველეს ყოვლისა, არიან ჩვენი აფხაზი ძმები. „დედასამშობლოს როცა დასჭირდა, ხარაგაული ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ხარაგაულიდან ჩვენი ვაჟკაცები მაშინვე გაეშურმენ ომში, რომელიც, სამწუხაროდ, წინასწარვე განწირული და მოღალატურად დათმობილი იყო. მთავარია, ურთიერთობა და ნდობა აღდეს ჩვენს აფხაზ ძმებთან. მალე დამეგობრებულ სკოლას სოხუმში გაეწიოს მასპინძლობა, – ეს იქნება ყველაზე დიდი მონაპოვარი. არცერთი წვეთი სისხლი არ ჩაივლის უკვალოდ. დაიწყო სხვა ფორმის ბრძოლა აფახაზეთის დაბრუნებისათვის და დაე, ხარაგაულში გამართული ღონისძიებაც იყოს ამის დასაწყისი,“ – აღნიშნა გამგებელმა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა, სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი.

შემდეგ სტუმრებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გადაინაცვლეს. მუზეუმის თანამშრომელმა ალექსანდრე ტაბატაძემ სტუმრებს აფხაზეთში დაღუპული ხარაგაულელი მებრძოლების შესახებ და მათ გმირობაზე ისაუბრა. მუზეუმში გამოფენილი იყო მათი პირადი ნივთები.

ღონისძიებას აფხაზეთში დაღუპულთა მშობლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მათ საჩუქრები მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადასცეს და მადლობა გადაუხადეს გმირი შვილების აღზრდისათვის.

ღონისძიებაზე სტუმრად მყოფმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, რომ „ქართველებს სიყვარული უხვად მოგვცა უფალმა. ერთობაც რომ გვქონდეს, ყველაფერს მივაღწევთ. უფალმა „ძლევაი საკვირველს“ მოგვასწროს აფხაზეთში, ჩვენს ძირძველ ქართულ მიწაზე.“

აფხაზეთში გმირულად დაღუპული სარგვეშელი ხვიჩა მუმლაძის დედამ მზია მუმლაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა: -დღეს ჩემს შვილს თქვენს გვერდით ვხედავ. ოჯახის წევრები უკვდავვყოფთ მის სახელს. მაისის ყოველ პირველ შაბათს სოფლის მოსახლეობა ხვიჩას საფლავზე იკრიბება. იმედია, უფრო მომრავლდებიან ხვიჩას საფლავზე მომსვლელები.

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და აფხაზეთის მთავრობას შორის. კინოთეატრში სტუმრებმა წარმოადგინეს ფოტოგამოფენა „დღევანდელი და ომამდელი აფხაზეთი.“ დღის ბოლოს გაიმართა სპექტაკლი „გამარჯობა, აფხაზეთო!“

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ღონისძიება ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი აფხაზეთში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად

afxazetis dghe xaragaulshi (1) afxazetis dghe xaragaulshi (2)