არამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრი“ ხარაგაულში ახორციელებს პროექტს საკრებულოს წევრებისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ფორმების შესახებ არსებული დამოკიდებულების გამოსაკვლევად. აღნიშნულ პროექტში ხარაგაულის გარდა ჩართულია ქალაქები რუსთავი და გორი, ოზურგეთისა და მცხეთის თემები.

რატომ აირჩია პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ხარაგაული, – ამ შეკითხვაზე ა/ო „რეგიონის განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე ამბობს, რომ რეფორმების საჯარო განხილვები უმეტესად რეგიონის ცენტრებში ეწყობა, ხოლო ხარაგაულის მსგავს მუნიციპალიტეტებზე ასეთი აქტივობები ნაკლებადაა ფოკუსირებული.

ა/ო „რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა 2 მარტს ხარაგაულში ორი შეხვედრა გამართეს, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან და შემდეგ, – მოქალაქეებთან.

რამდენად არსებობს საკრებულოს წევრებისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ფორმების გაუმჯობესების საჭიროება, რამდენად ავლენენ ინტერესს მოქალაქეები მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას; რამდენად ჩართულია მოსახლეობა. მოქალაქეების აზრით, ჩართულობის გასაზრდელად რა უმჯობესია, – ორასკაციანი საერთო კრება; უბან-უბან ათკაციანი შეხვედრები; პრობლემების გამოვლენა, საკრებულოში წარდგენა და უკუკავშირი თუ სხვა რამ, – ასეთ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ფოკუსჯგუფებთან.

პროექტის ხელმძღვანელი ლიზა სოფრომაძე ამბობს, რომ გაანალიზდება არსებული პრაქტიკა, დეპუტატებისა და მოქალაქეების ურთიერთდამოკიდებულება და ამ ანალიზზე დაყრდნობით შემუშავდება გარკვეული რეკომენდაციები.

„კანონმდებლობით, ძირითადად, გამგეობის სამსახურია წამყვანი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის პროცესში. სამართლებრივად, პირდაპირ ჩართულები არც დეპუტატები არიან და არც მოსახლეობა. ბიუჯეტის საჯარო განხილვა, მისი დამტკიცების წინ, საერთო სურათს ვერ ცვლის, – ამბობს ლიზა სოფრომაძე, – ამავე დროს მნიშვნელოვანია საკრებულოს წევრებისა და მოსახლეობის თანამშრომლობაც. ძირითადად ეს არის ერთჯერადი ხასიათის და უმეტესად უკავშირდება კონკრეტულ საჭიროებას. საკრებულოს დეპუტატი და მოსახლეობა უფრო მდგრადად და ხანგრძლივი თანამშრომლობით უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული.

კარგი იქნება, თუ მოსახლეობა საკრებულოს დეპუტატთან ერთად იქნება საბიუჯეტო პროცესის მონაწილე და ამ ჭრილში შეხედავს ზოგადად თავისი მუნიციპალიტეტის განვითარებას.“

კვლევის ანალიზი და რეკომენდაციები პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს აპრილში წარედგინება.

ლაურა გოგოლაძე

sofromadze_3 sofromadze_1