განიხლავს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას, – ბოლო დღეებში ეს საკითხი საქართველოში აქტუალურია.

უცხოური მედიაორგანიზაცია EUobserver-ისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს ევროკავშირი საქართველოსთან, ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს.

ამის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის ზრდა სახელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღე­ბულ ვალდებულებებს პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს და არა­ნა­ი­რი შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ ამოქმედდება.

რა ხდება სინამდვილეში, გველის თუ არა რაიმე სახის სანქცია ევროკავშირისგან, – ამ შეკითხვით ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს დავუკავშირდით.

ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დგას, – აღნიშნა ვანო ჩხიკვაძემ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – ინფორმაცია ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ ნანახ სამუშაო დოკუმენტს ეყრდნობოდა, რომელიც მან ევროკავშირის ერთ-ერთ ინსტიტუციაში მოიპოვა.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს – ერთია საქართველოს მოქალაქეების მიერ ორგანიზებული კრიმინალი ევროკავშირის ტერიტორიაზე და მეორე საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.

მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2021 წლის იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოდან 4 791-მა მოქალაქემ მოითხოვა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 4354-მა. ეს არ არის ისეთი ზრდა, რომელმაც შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმდება გამოიწვიოს.

დღევანდელი მოცემულობით ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას.

ჟურნალისტისგან მოპოვებულ სამუშაო დოკუმენტში ასევე წერია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ემუქრება დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს.

სამი დღის წინ ევროკომისიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მოლდოვასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ერთის მხრივ, ამ გადაწყვეტილებას იღებდე და მეორე მხრივ, უჩერებდე ამ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლას, ალოგიკურია.

მოლდოვის ხელისუფლებაში პროევროპული ძალები მოვიდნენ. ამიტომ პოლიტიკური კონტექსტიც არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ.

ასეთი გადაწყვეტილებები ერთი ხელის მოსმით არ მიიღება“.

ნინო კაპანაძე