ხარაგაულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ამ მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან მოვიპოვეთ.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) დღემდე 1 316 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 1 210 პირი გამოჯანმრთელდა, 20 – გარდაიცვალა. ამჟამად 86 ინფიცირებულიდან სტაციონარში 13 ხარაგაულელი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ზესტაფონში 2020 წლის მაისიდან დღემდე კორონავირუსი 7 778 პირს დაუდასტურდა. მათგან 7 560 გამოჯანმრთელდა, 72 გარდაიცვალა. ამჟამად covid-19-ით 146 პირია ინფიცირებული.

ჭიათურაში 2020 წლის აპრილიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 4 021 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 3 760 პირი გამოჯანმრთელდა, 31 გარდაიცვალა.

საჩხერეში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის ივნისი) სულ 4 415 პირი დაინფიცირდა. მათგან 4 308 გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 გარდაიცვალა.

„ორი კვირის წინ ყოველდღიურად კორონავირუსის 50-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, – ამბობს ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა ლაბაროვსკი, – ახლა ყოველდღიურად 10-15 ახალი შემთხვევა დასტურდება“.

„ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე, – ყველას პირბადის ტარებისა და ჰიგიენის დაცვისკენ მოგიწოდებთ“.

„ვფიქრობ, ვაქცინაციამ კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევები შეამცირა, – ამბობს ჭიათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა კუპატაძე.

„კორონავირუსის საბოლოოდ დასამარცხებლად ვაქცინაცია აუცილებელია, – მიაჩნია საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ლალი ტაბატაძეს, – საჩხერეში აცრილებსაც შეხვდათ კოვიდი, მაგრამ დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ასე რომ, ყველას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოგიწოდებთ“.

ნინო კაპანაძე