კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ მიღწეული წარმატებებისთვის კიცხის სკოლის ეკოკლუბი კომპიუტერით დაჯილდოვდა.
ეკოკლუბს საჩუქარი კონკურსის ორგანიზატორ CENN-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა იმერეთში მაია კეზევაძემ გადასცა. პროექტში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2020 წელს ხარაგაულიდან 13 სკოლა მონაწილეობდა.
კიცხის სკოლის ეკოკლუბის ლიდერი შოთა ზვიადაძე ამბობს, რომ ჯილდოდ გადმოცემული კომპიუტერი მათი შრომის შედეგია. ფინალში წარმატება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩემს გუნდთან ერთად თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავდით და ვახორციელებდით. ეს კონკურსი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა. ის ყოველთვის ახალ-ახალ გარემოსდაცვით თუ სხვა შემეცნებით აქტივობებს გვთავაზობს. განსაკუთრებით მომეწონა გოგნის წმინდა გიორგის (კარუგდებელი) სახელობის ეკლესიასა და ცხრაჯვარის სალოცავზე ლაშქრობა“, – ამბობს შოთა ზვიადაძე.
„კიცხის სკოლა ამ პროექტში, ხუთი წელია, მონაწილეობს. ჩვენი მოსწავლეები წარმატების მისაღწევად ბევრს შრომობენ, – ამბობს კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი, – მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ვსწავლობდით, ჩვენმა ეკოკლუბმა ფინალში გადასვლა შეძლო.
ეს ეკოკლუბის ხელმძღვანელისა და მოსწავლეთა დამსახურებაა. ეკოკლუბის წევრები ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით ჩვენი ქვეყნისა და ბუნების სიყვარულს სწავლობენ. მსგავსი პროექტებით კრიტიკული აზროვნება ვითარდება და ადამიანის თვითშეგნება ყალიბდება“.
კიცხის სკოლის ეკოკლუბი პროექტის ფარგლებში, ძირითადად, დასუფთავების, გამწვანებისა და სოციალურ აქციებს ახორციელებდა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კიცხის სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე პროექტში „ნიკო კეცხოველის სასკოლოს პრემია“ მონაწილეობდა, – ამბობს ეკოკლუბის ხელმძღვანელი ელისო არჯევანიძე, – ვერც პანდემიამ შეგვიშალა ხელი.
2021 წლის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში რამდენიმე აქტივობა უკვე განვახორციელეთ. ვიმედოვნებ, ჩვენთვის ეს წელიც წარმატებული იქნება.
მადლობა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ხარაგაულის კოორდინატორ თეა ტალახაძეს, კიცხის სკოლის დირექტორ თამარ წიწილაშვილს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, პედაგოგთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლალი სებისკვერაძეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, გაწეული დახმარებისათვის“.
ამ კონკურსის ფინალში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, ხარაგაულის #2 და კიცხის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.
„ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა სალაშქრო მოწყობილობებით დაჯილდოვდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს ხარაგაულში კიდევ ბევრი სკოლა დაიმსახურებს ჯილდოს,- ამბობს მაია კეზევაძე, – მადლობა თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს, რომ ამ პანდემიის პერიოდშიც კი არ ნებდებიან და მუშაობას აგრძელებენ. განსაკუთრებული მადლობა თეა ტალახაძეს, რომელიც პროექტს 2015 წლიდან ერთგულად გვერდით უდგას“.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2021 წელსაც გრძელდება. სკოლების რეგისტრაცია დეკემბერში დაიწყო. დეკემბერშივე მონაწილეებისთვის ტრენინგები გაიმართა.
მაია კეზევაძის ინფორმაციით, პროექტში ბევრი სკოლა ჩაერთო და უკვე უამრავი აქტივობა განახორციელეს. პროექტში სკოლების ჩართვა, აპრილამდე, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“-ის ნახევარფინალი აგვისტოში, ხოლო ფინალი სექტემბერში გაიმართება.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან განათლების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი