2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა.
დავინტერესდით, როგორია წინასაარჩევნო გარემო ზემო იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში – ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში.
ამ მიზნით მმართველი და ოპოზიციური პარტიების რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით.
დაშინება, მუქარა, ზეწოლა – ნაცადი ხერხები
ზესტაფონში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მმართველი პარტია ხმების მოგროვებასა და არჩევნებში გამარჯვებას ნაცადი ხერხებით – დაშინებით, ზეწოლითა და მუქარით ცდილობს.
„ამომრჩევლების დამოკიდებულება იცით როგორია – ხალხი არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არაფერს ეუბნება, გისმენს უემოციოდ,“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზესტაფონში გელა სხილაძე.
მმართველ პარტიას ამომრჩევლების პროდუქტებით მოსყიდვაში ადანაშაულებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგა გურული და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში დევნილ მოსახლეობას სხვადასხვა პროდუქტებს აძლევენ და თან არიგებენ, ვის უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე.
პარტია „ლელოს“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ჭაჭიაშვილი დასაქმებულებზე ზეწოლას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ განსაკუთრებით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულებს ავიწროებენ.
„ამომრჩეველთა 50% ამ ქარხნის თანამშრომელია. მმართველი პარტიიდან კი მერის პოზიციაზე ამ ქარხნის დირექტორი იყრის კენჭს. ამით ყველაფერია ნათქვამი, სამსახურის დაკარგვა არავის უნდა“, – ამბობს მამუკა ჭაჭიაშვილი.
„ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს წინასაარჩევნო აგიტაცია, იქნება ეს ტელევიზიით თუ მოსახლეობაში გასვლით. არავინ არაფერს უშლის,“ – ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მიქაბერიძე.
ოპოზიციას რომ მივცეთ ხმა, ამით რა შეიცვლება?!
საჩხერეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენა ამ მუნიციპალიტეტში ძლიერია და მას სახელისუფლებო პარტიასთან აიგივებენ.
წინასაარჩევნო გარემოს მშვიდს უწოდებს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო ბუცხრიკიძე. ის ამბობს, რომ საარჩევნო აგიტაციას მოსახლეობაში მშვიდად, ყოველგვარი ხელისშეშლის გარეშე წარმართავს.
„საჩხერეში ვიცით, რომ სახელისუფლებო პარტია გაიმარჯვებს, ეს ბიძინა ივანიშვილის გავლენაა. თუმცა ახლა აქ ბრძოლა საკრებულოს წევრობაზე მიდის. ამიტომ ოპოზიციური პატრიები ერთმანეთ ებრძვიან, რომ მეტი წევრით იყვნენ წარმოდგენილი საკრებულოში, – ამბობს პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი კობა მოდებაძე.
„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ჭიათურელი ხალხის მიმართ დიდი ხანია შეწყდა, თუმცა მოსახლეობა თავს ვალდებულად თვლის, მხარი მას დაუჭიროს, – ამბობს „ლელოს“ საჩხერის ორგანიზაციიოს თავმჯდომარე დიანა ბერიძე, – ხალხი სულ წუწუნებს – ადგილობრივი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არ მოსწონთ, მაგრამ არჩევნებზე რომ მიდიან, მაინც მმართველ პარტიას აძლევენ ხმას. არ ვიცი ეს რა დამოკიდებულებაა“.
პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე საჩხერეში გიორგი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მათ პალაკატებს აზიანებენ.
საქართველოში 30-50 ლარით საარჩევნო ხმის ყიდვა შეიძლება
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოს ჭიათურაში მშვიდს უწოდებენ და რაიმე განსაკუთრებულ დარღვევაზე არ საუბრობენ.
პარტია „პარტიორთა ალიანსის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კასრაძე მისი პარტის მისამართით განხორციელებულ უსამართლობაზე საუბრობს.
„ჩვენს პარტიას სრულიად უკანონოდ არ მისცეს უფლება წარმომადგენელი ჰყოლოდა საარჩევნო კომისიებში, – ამბობს გიორგი კასრაძე, – ვერაფრით ვერ ამოვხსენი, რა მექანიზმით მოიგო საპარლამენტო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“. ის ამ, ჩემთვის გაურკვეველ ბერკეტს, კიდევ გამოიყენებს, ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და მის წინააღმდეგ გავერთიანდეთ.
საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან ოჯახები და ადამიანები, რომელთა საარჩევნო ხმის ღირებულება 30-დან 50 ლარამდეა“.
ამომრჩეველთა დაშინებაზე საუბრობს პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი უტა ბიწაძე. ის ამბობს რომ, მისი პარტიის მიერ გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრებზე მაჟორიტარი დეპუტატები მოდიოდნენ და შორი ახლოს სიტუაციას აკვირდებოდნენ.
„ ყველას გხედავთ“ – ასეთი შიშის დათესვა უნდათ მოსახლეობაში. რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა ჩვენი პარტიიდან კანდიდატურა სწორედ დაშინების გამო მოხსნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ჭიათურაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს,“ – ამბობს უტა ბიწაძე.
ამავე თემაზე:
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი