ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადების წყარო, თითქმის ყველა შემთხვევაში ინფიცირებულთან კონტაქტია.

კორონავირუსით ხარაგაულში კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. ლაშელი 80 წლამდე მამაკაცი კორონავირუსით ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა. ის საავადმყოფოში ვირუსის გამოვლენისთანავე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამაკაცს თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.

ამით ხარაგაულში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსის 1 294 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 1 187 გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.

ამჟამად ხარაგაულში 86 ინფიცირებულია, მათგან 13 საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების დინამიკა შემცირებულია, ასევე კლებადია კორონავირუსზე ტესტირებების მოთხოვნის მაჩვენებელი.