არ ვიცი, ეს წერილი ვის ყურამდე მივა; არც ის ვიცი, ვინმე ბოლომდე წაიკითხავს თუ არა; ვინმე გამიგებს თუ არა, მომისმენს თუ არა, დამეთანხმება თუ არა. ამას, არ მინდა, ახლა მნიშვნელობა ჰქონდეს.
ახლა, უბრალოდ, მინდა რაიმე ფორმით თქვენთან მაინც გავაზიარო ჩემი პასუხისმგებლობა, არ დავდუმდე და არ შემეშინდეს.
ამ წერილს არჩევნების წინ ვწერ და ეს შემთხვევითი არ არის. ამბობენ, რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობს, მაგრამ მე ჩაყოლას არ ვაპირებ. ამ წუთას, უბრალოდ, მინდა ის გაგიზიაროთ, რაზეც ჩემს მეგობრებსა და მე არაერთხელ გვისაუბრია.
„სად არიან ახალგაზრდები?!“ – ამ კითხვაზე გავცემ დღეს, მეტ-ნაკლებად, პასუხს, მაგრამ სანამ მე დავიწყებ, ძვირფასო ხარაგაულელებო, თქვენთვის მინდოდა მეკითხა, – ბოლოს ვინ გინახავთ ბედნიერი?
ასაკს არ აქვს მნიშვნელობა; ახალგაზრდაც მაინტერესებს, შუახნის ქალბატონებიც, ბატონებიც, მოხუცებიც; მოხუცები, მაგრამ გულით ახალგაზრდებიც. ნებისმიერი მაინტერესებს. ვინმე გინახავთ ბედნიერი?
ისეთ ადამიანს ვეძებ, ვისაც ხარაგაულში მომავლის იმედი აქვს, სხვა ადამიანების იმედი აქვს, ლაღია, ძლიერია, გულწრფელია და ყოველდღიურად საინტერესო საქმეს აკეთებს; და თან ისე, რომ არც არავინ უშლიდეს ხელს, საინტერესო საქმის კეთებაში. ისეთ ადამიანს ვეძებ, ვისაც, არჩევანი რომ ჰქონდეს, ზუსტად ხარაგაულში იცხოვრებდა, აქ არსებული ჯანსაღი სოციალური მდგომარეობისა და ხალისის გამო.
ვინმე გინახავთ ასეთი?
სანამ თქვენ პასუხის გაცემა გიჭირთ, მე მოგიყვებით, ახალგაზრდები სად დავიკარგეთ, სად ვართ და ვის ველოდებით. გულწრფელად მოგიყვებით, აქ არაფერია დასამალი ან რამე – ახალი. ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და ყველას გვინდა, იმედიანი დღეების მოლოდინი გვქონდეს. ყველა ვსაუბრობთ ალბათ ამ თემაზე საღამოს ჩაიზე, მაგრამ ასე საჯაროდ ხმა ხომ არასდროს გამოდის.
მე კიდევ იმის მჯერა, რომ სანამ ხმა საჯაროდ, ყველასთვის არ გამოვა, მანამდე ჩვენი იმედებიც სულ იმ ჩაისთან ერთად ჩაიყლაპება. ეს ხომ ჭორაობა არ არის?! ყველას გვეხება, და სწორედაც რომ უნდა გავაზიაროთ, უნდა გვქონდეს პრეტენზიები, უნდა გადავაბიჯოთ ერთმანეთის დროებითის წყენას და არ უნდა ჩავკლათ ერთმანეთის გრძელვადიანი იმედები.
ჰოდა, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ახალგაზრდებს, – ხარაგაულელებსაც და არახარაგაულელებსაც, ჩაისთან გვისაუბრია:
ახალგაზრდები დაგვჭეჭყეს.
და აქ ვართ, ოღონდ დაჭეჭყილები.
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ხარაგაულში ვიქნებით თუ ხარაგაულს გარეთ. ყველგან დაჭეჭყილები ვართ; მაგრამ, მოდით ამ შემთხვევაში ხარაგაულზე ვისაუბროთ.
თავის დროზე, თითოეულმა ახალგაზრდამ ძალიან ბევრი რამ წავიღეთ ხარაგაულიდან. ხარაგაულს მართლა აქვს რაღაც განსაკუთრებული პულსი, რაც ამ რაიონში გაზრდილ თითოეულ ახალგაზრდას განსაკუთრებულობის შეგრძნებას გვიჩენდა.
ამიტომ, შეიძლება, ჩვენგან უმრავლესობას ჰქონდა უკან დაბრუნების ენთუზიაზმიცა და ამბიციაც, გეგმებიც და მოლოდინებიც. თუმცა, ჩვენი ეს გეგმები ბოლო წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იჭყლიტება.
ეს იმათ ხარჯზე კი არ ხდება, ვინც ხმა ერთ ტომარა კარტოფილად, 50 ლარად ან ყოველთვიურ ხელფასად გაყიდა; არამედ – იმათ ხარჯზე, ვინც ეს ყველაფერი ნორმალურად მიიჩნია, მეზობლები არ გაანაწყენა და გაჩუმდა; ვინც საკუთარი შვილები არ დაიცვა ტყუილისგან და ერთ ადგილზე დგომისგან.
აი, ამ მდუმარე დამოკიდებულების გამო ვართ გაქცეულები და დაკარგულები.
პირადად ჩემთვის დაბრუნება (თუნდაც დროებით) რთული აღმოჩნდა იქ, სადაც „კარგი“ და „ცუდი“ გამიჯნული არ არის; სადაც ადამიანებს არ ეუხერხულებათ ყელსახვევების შებმა და სტაბილურობისთვის დუმილი.
ამიტომ, ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, თუ ვინმეს ოდესმე კითხვა გაგიჩნდებათ – „და ეს ახალგაზრდები სადღა არიან“, – გიპასუხებთ, რომ ჩვენ წინა თაობის დუმილში, უპრეტენზიობასა და შიშებში დავიკარგეთ.
მდორე ყოველდღიურობაში დავიკარგეთ, სადაც ოდნავ კრიტიკასაც კი ადამიანები ღალატად და შეურაცხყოფად მიიჩნევენ. პირადად ჩემთვის ამის გაცნობიერება ძალიან რთულია.
ახალგაზრდების დაბრუნებას რაც შეეხება, ხარაგაული ის ადგილი უკვე აღარ არის, რაც ჩვენ მოსწავლეობის დროს გვახსოვს. ეს რაიონი უკვე მმართველი პარტიის რამდენიმე ადამიანის გემოვნებას და ამბიციებს მოერგო. ეს ადგილი აღარ არის ახალგაზრდა ხარაგაულელებისთვის.
ეს სივრცე იმ სტაბილურობის მოყვარულ ქალბატონებს, მონური განწყობით პარტიის ოფისებთან თავშეყრილ კაცებს, უპრეტენზიო და ჯიუტ ადამიანებს დარჩათ და აქ უკვე ნამდვილად აღარ არის ახალგაზრდული ენთუზიაზმის ადგილი. ძალიან, ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტზე. და ვერც ვბრაზდები, უბრალოდ გული მწყდება.
ჩემამდე ეს ხმები მოდის, რომ ბატონ კობას არავითარი წინააღმდეგობა არ აქვს ხარაგაულის ერთ ადგილზე ტკეპნის გასაგრძელებლად და უკვე მესამე ვადით არჩევისთვის დავუკრავთ ტაშს. როგორც ერთი-ერთი ხარაგაულელი ახალგაზრდა, საჯაროდ ვიტყვი, რომ პირადად მე არ ვაპირებ ჩაყოლას.
ბოლომდე ამას ვიფიქრებ, ყოველთვის დავაფიქსირებ ჩემს აზრს: მმართველ პარტიას ხარაგაულში დარჩენის ლეგიტიმაცია არ აქვს. არც ერთი წუთით დარჩენის უფლება არ აქვს!
რით დაიმსახურეს? – დავიჯერო, ასე ჭკვიანურად განკარგეს ბიუჯეტი? გამოიყენეს ჩვენი პოტენციალი? ხარაგაულის პოტენციალი? დავიჯერო, ასე ინოვაციურად აითვისეს ხარაგაულის რესურსები?
რა გააკეთეს, დროისა და ფინანსების ფლანგვის გარდა? 20 ლარის დარიგების გარდა? ხარაგაულიდან ახალგაზრდების გაქცევის გარდა? მონური ერთგულების წახალისების გარდა? ახალი იდეების ჩახშობის გარდა? რა გააკეთეს განსხვავებული?
არ მინახავს არც ერთი ცოცხალი ადამიანი, ვინც მათ ბატონობას ყოველთვიური ხელფასის გამო არ უკრავს ტაშს და შიშის გამო არ უხრის თავს. ამიტომ ეს კითხვა მიჩნდება, საერთოდ როგორ მოვედით აქამდე, რომ სულ მინიმალურიც კი სახვეწარი გაგვიხდა?
ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე მე და ჩემი მეგობრები ჩაიზე. ვსაუბრობთ და ვოხრავთ. და მე არ მგონია, რომ ჩვენი საჯარო ინტერესები მხოლოდ ჩვენს სახლებში მეგობრებთან ერთად უნდა გამოიკეტოს. საქმე ყველას გვეხება, ჩვენს მომავალს ეხება! და საერთოდ არ არის ამ შემთხვევაში კრიტიკა შეურაცხმყოფელი.
მეტს, ვეცდები, აღარ ვილაპარაკო ახლანდელ უკუნ სიბნელეზე, მაგრამ მომავალს რაც შეეხება, მე გულუბრყვილოდ მაინც მაქვს ცვლილების იმედი. თქვენი მესმის, არჩევანის მეორე მხარესაც ცოტა რთულია გვქონდეს მოლოდინები, მაგრამ ამ აბსურდის შეწყვეტა ხომ ოდნავ მაინცაა გამოსავალი.
ცვლილება ხომ თავისთავად გამოაჩენს ახალ ადამიანებს, ახალ იდეებს; ურთიერთობების ახალ სისტემას შექმნის, ახალ პრობლემებსაც გაგვიჩენს, მაგრამ ჩემი ხედვით პრობლემებთან გამკლავება უფრო სახალისოა, ვიდრე მდორედ, სტაბილურად ერთი ადგილის ტკეპნა და არაფრობის მოლოდინი.
სულ ეს მინდოდა გამეზიარებინა, ძვირფასო ხარაგაულელებო. იმედია, მაპატიებთ საჯაროდ გაბრაზებას. ესღა დაგვრჩენია და ამის უფლება მაინც შევირგოთ. მე, უბრალოდ მინდოდა, ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამომეხატა და ამ უაზრო სიჩუმეში არ ჩავთრეულიყავი.
ბოლო სიტყვად კი იმას ვიტყვი, რომ ხარაგაული ჩვენია. თავიდან ბოლომდე ჩვენია – მთელი მისი ბუნებრივი, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით. სხვისი არავისი არ არის. ამიტომ მესია ვერ დაგვეხმარება მისი უკან დაბრუნებისთვის, ვერც მხოლოდ ასე დაჭყლეტილი ახალგაზრდები დავირაზმებით. გამბედაობა, სწორი კრიტიკა და ცვლილების სურვილი მგონია მხოლოდ გამოსავალი.
კეთილი სურვილებით,
ნინო დავაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.