დღეს, 22 სექტემბერს აღინიშნება „მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე“.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი განცხადებას ავრცელებს.

„მიუხედავად ბოლო დღეების მოვლენებისა, მინდა შეგახსენოთ, რომ „მსოფლიო დღეს ავტომობილების გარეშე“ აღვნიშნავთ. ეს ყოველწლიური ღონისძიება ევროპის მრავალ ქალაქში აღინიშნება! – ნათქვამია ამ განცხადებაში, –

ამ დღის დაწესების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაგვაფიქროს პატარა თუ დიდი ქალაქების მომავალზე, იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ ისინი უფრო მწვანე, მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ ადგილებად.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების 70%-ს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს.  თბილისში ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი დაბინძურების დაახლოებით 90% -ს შეადგენს.

ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც ზრდის რესპირატორული ინფექციების, დაღლილობის, გულისა და ფილტვების დაავადებათა რისკს.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირის მთავარი მიზანია, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე აქ, საქართველოში.

ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მრავალი წელია ვმუშაობთ და გვაქვს დიდი მოლოდინი, ასევე გეგმა, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და ჰაერის დაბინძურების უკეთ გაკონტროლება.

ასევე, გავაგრძელებთ უფრო მდგრად სატრანსპორტო ალტერნატივებში ინვესტირებას, რომ ყველას მოგვეცეს შესაძლებლობა, ვისუნთქოთ უფრო სუფთა ჰაერით და ვიცხოვროთ უფრო ჯანსაღად.

იმედი მაქვს, შემოგვიერთდებით! ნება მიბოძეთ, ყველას გისურვოთ დღე ავტომობილების გარეშე!“ – ამბობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ტრანსპორტი CO₂-ის გამონაბოლქვის ყველაზე მზარდი წყაროა და ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ჩვენი ცხოვრები წესის რამდენიმე მარტივი ცვლილებით, შეგვიძლია ჩვენი ქმედებებით გამოწვეული გამონაბოლქვის შემცირება.

მოდით, ავირჩიოთ ველოსიპედი და მეტი ვიაროთ ფეხით, რომ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა და შევაჩეროთ ჰაერის დაბინძურება!

შემოგვიერთდით, რომ აღვნიშნოთ „მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე – 2021“ და ხელი შევუწყოთ გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილებას.