ეს ინფორმაცია #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარემ გია ცისკაძემ დაგვიდასტურა.

მისი თქმით, ხარაგაულის საარჩევნო კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა.

„სავარაუდოდ, საოლქო საარჩევნო კომისია უახლოეს სხდომაზე მდივნის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს მანამ, სანამ კომისიის წევრობაზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება“, – ამბობს გია ცისკაძე.

გუშინ, 16 სექტემბერს, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ამ კომისიის წევრმა პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელიდან“ ქეთევან გიორგაძემ მოითხოვა, რომ არჩევნების დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმები ჯერ კომისიის ორმა წევრმა ჩაიბაროს და ამის შემდეგ ატვირთოს ოქმები მდივანმა ცესკოს გვერდზე და არა ისე, – როგორც აქამდე ხდებოდა, – საუბნო კომისიებიდან შემოსულ შემაჯამებელ ოქმებს რომ პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე იღებდა.

ქეთევან გიორგაძის ამ მოთხოვნას მაყვალა სულაქველიძემ უპასუხა – „ასეთ შემთხვევაში საბოლოო ოქმიც თქვენ გააკეთეთ, მე ხელები დამიბანია“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ინფორმაციით, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განცხადებას ცესკო ცნობად მიიღებს. ცესკოს უახლოეს სხდომაზე ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

ხარაგაულის საარჩევნო კომისიის მდივნის გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება გუშინდელ სხდომაზე მომხდარ ფაქტს, – ამის გასაკვევად თავად მაყვალა სულაქველიძეს დავუკავშირდით.

მაყვალა სულაქველიძე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და არც გადაწყვეტილების მიზეზს ასახელებს.

თამთა გოგოლაძე