ხარაგაულში პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ – ფარგლებში სოლომონ მეფის ქუჩაზე არსებული მოძველებული შენობების, ტროტუარისა და სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
უკვე დაწყებულია თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერის, კულტურის ცენტრისა და მიმდებარე საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია.
„განახლებული რეგიონები“ ოთხწლიანი სახელმწიფო პროგრამაა, რომლის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
„პროგრამის შინაარსი მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაციას, რეკრეაციული სივრცეებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი პროგრამა. ასევე დაფინანსდება ისეთი პროექტები, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობის კუთხით ახალი შესაძლებლობები გაუჩნდება და მათი ჩართულობა უფრო აქტიური იქნება,“ – ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
ამ პროგრამის ფარგლებში იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტისთვის (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი და ბაღდათი) მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის განსაზღვრული, თითოეულ მუნიციპალიტეტში კონკრეტულად რა გაკეთდება და რა ოდენობის თანხა დაიხარჯება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი ამბობს, რომ პრიორიტეტი, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ პროექტის ფარგლებში, მერიამ შეარჩია. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში სხვა პროექტი არც განხილულა.
„ხარაგაულში სამინისტროს წარმომადგენლები რომ ჩამოვიდნენ, 9 აპრილის ქუჩაც დავათვალიერებინეთ, მაგრამ მათ პრიორიტეტი სოლომონ მეფის ქუჩას მიანიჭეს. თავდაპირველად შენობების რეაბილიტაცია რკინიგზის სადგურიდან მუსიკალურ სკოლამდე იგეგმებოდა. თუმცა, სავარაუდოდ, კინოთეატრამდე მდებარე შენობების ფასადებს გაარემონტებენ. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება,“ – ამბობს დავით დევდარიანი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერის, ზაზა სიმონიას ინფორმაციით, რა თანხა იხარჯება ხარაგაულში ამ პროექტის ფარგლებში, კონფიდენციალურია.
„რა და როგორ გაკეთდება ხარაგაულში, ამაზე პასუხისმგებელია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ამხანაგობა „დბს“-ს მიერ შერჩეული სამუშაოთა მწარმოებელი. თუმცა, ის თქვენს შეკითხვებს პასუხს ვერ გასცემს“, – ამბობს ზაზა სიმონია და სამუშაოთა მწარმოებლის ვინაობას არ გვიმხელს.
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ხარაგაულში უნივერმაღისა და სახელგამის ყოფილი შენობების რეაბილიტაცია არ იგეგმება. ზაზა სიმონიას თქმით, უნივერმაღის ყოფილი შენობა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მის რესტავრაციაზე დახარჯული თანხა „წყალში გადაყრილი“ იქნება. თანაც ამ შენობის მეპაიეებს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.
ზაზა სიმონია ამბობს, რომ ყოფილი სახელგამის შენობის მეორე სართულის მესაკუთრეებს ვერ უკავშირდებიან და ამ ეტაპზე არც ამ შენობის რესტავრაცია იგეგმება.
ხარაგაულელი მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში უმჯობესი იქნებოდა, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობისთვის მიეხედათ.
„ამ შენობის მეორე სართული გაურემონტებელია, სახურავი დაზიანებულია და წყალი ჩამოდის. ახლა, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ეპიდემიის მთავარი მმართველია.
ვფიქრობ, მოსახლეობას უნდა გვკითხონ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი“.
„სოფელში რამდენიმე დღე შუქი არ გვქონდა, – ამბობს ზარანში მცხოვრები ლენა ორჯონიკიძე, – მასწავლებელი ვარ და ონლაინ სწავლის პირობებში უწყვეტი ელექტროენერგია მჭირდება. ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება კარგია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამართული ელექტროსისტემაა, რომელსაც პატარა წვიმა ან ქარის დაბერვაც აზიანებს“.
„ყველაზე პრიორიტეტული საგზაო ინფრასტრუქტურაა, – ამბობს წიფაში მცხოვრები ჯილდა მახაროპულო, – განსაკუთრებით ცენტრალური გზის მდგომარეობა გვაწუხებს. საქართველოს ბევრ რეგიონში ვარ ნამყოფი, თითქმის ყველა სოფელში ცენტრალური გზა გაკეთებულია. ჩვენთან ეს პრობლემა, წლებია, ვერ მოწესრიგდა“.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი თვლის, რომ „განახლებული რეგიონების“ პროგრამით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებში ჩაერთვნენ.
„მაშინ როცა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასები გასამმაგდა, ადამიანებს შეღებილი ფასადების ყურება არაფერს არგებს. ჯერ სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს და ფასადები შემდეგ გაკეთდეს. მე, როგორც საკრებულოს დეპუტატს, პრიორიტეტი უნდა შემერჩია. თუმცა საკრებულოს ეს საკითხი არ განუხილავს“, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
თვითმმართველობის უმოქმედობას უსვამს ხაზს დეპუტატი „შენების მოძრაობიდან“ მიხეილ ჭიპაშვილი.
„ხარაგაულში, ისევე როგორც საქართველოს უმრავლეს მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების დირექტივების აღმსრულებელია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – იქ, სადაც წყლის სისტემა დაზიანებულია, საგზაო ინფრასტრუქტურა მოშლილი და სოფლის მეურნეობას ვერ ვავითარებთ, ფასადების შეღებვას ვიწყებთ?! ამით ქვეყანა წინ ვერ წავა.
ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ძველი აგურით ნაშენებ შენობებს რომ გარედან ცემენტით ვლესავთ და სხვადასხვა რამეს ვაკრავთ, ხარაგაულს თავის ისტორიულ იერ-სახეს ვუკარგავთ“.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ „თვითმმართველობის“ იდეა ჩვენს ქვეყანაში დაკარგულია.
„მუნიციპალიტეტებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ პრიორიტეტები თვითონ განსაზღვრონ. სამწუხაროდ, თვითმმართველობის შემოსავლები მთლიანად ადმინისტრაციის შენახვასა და სკოლამდელ განათლებას ხმარდება.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ „განახლებული რეგიონებისთვის“ 500 მილიონი ლარი გამოყო და ამ თანხის ხარჯვის მიმართულებაც თვითონ განსაზღვრა. ეს საბჭოთა გადმონაშთია, როცა თბილისში მყოფი ჩინოვნიკი თავისი გემოვნებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტებში. ამ პროექტს მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ გამოიყენებს“, – ამბობს კოტე კანდელაკი.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი