მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობა მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლეეებს შეუძლიათ.

მათ ბოლო  ხუთი წლის მანძილზე აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეთ ნაცხოვრები. ისინი უნდა  ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, ირიცხებოდეთ და სწავლობეთ საქართველოში არსებულ ნებისმიერ სკოლაში (საჯარო ან კერძო). მთავარი კრიტერიუმი ინგლისური ენის ფლობაა.

შესარჩევი ეტაპი ონლაინ ჩატარდება და სამ ეტაპს მოიცავს.

I ტური – 3 კითხვა (ესე) თქვენ შესახებ;

II ტური – ინგლისურის მარტივი ტესტი, 16 შეკითხვა (10 multiple choice, 6 from a small text) რისთვისაც გეძლევათ 15 წუთი;

III ტური – 2 კითხვა (ესე) თქვენ შესახებ, გასაუბრება, აპლიკაცია, ინგლისურის შედარებით კომპლექსური ტესტი (ეს უკანასკნელი არ თამაშობს როლს თქვენი ფინალისტობის სტატუსზე).

I ეტაპის პასუხები მონაწილეებს  აპლიკაციის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში მეილზე მიუვათ.

III ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს დადებითი პასუხის შემთხვევაში  ნოემბერი-დეკემბრის თვეში ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდებიან.

საბოლოო პასუხი აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში იქნება.

FLEX-ის პროგრამაში ხარაგაულიდან 2016 წელს ფერიდე ბერაძე, ხოლო 2019 წელს სალომე მაჭავარიანი მონაწილეობდა. წელს კი ხარაგაულის გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლემ, კესო ჩხიკვაძემ გაიმარჯვა და ის ახლა აშშ-ში იმყოფება.

FLEX-ის ხარაგაულელი მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ამ პროგრამამ მათი ცხოვრება დადებითისკენ შეცვალა.

„მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა  პიროვნულ განვითარებასა და საკუთარი თავის რეალიზებას უწყობს ხელს, – აღნიშნავს სალომე მაჭავარიანი,-  გვაქვს შესაძლებლობა მსოფლიოს მეორე მხარეს შევხვდეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.

FLEX-ის პროგრამაში მონაწილეობა არის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ახალგაზრდამ მიიღოს საკუთარი თავის აღმოსაჩენად და ახალი გამოწვევების დასაძლევად. შანსი რომ მქონდეს, ამ პროგრამაში კიდევ ერთხელ ჩავერთვებოდი“.

„მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა არის უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელმაც შეცვალა ჩემი და ჩემ გარშემომყოფების ცხოვრებაც, – ამბობს ფერიდე ბერაძე, – პირველ რიგში, ახალგაზრდა დიდ განათლებასა და გამოცდილებას იღებს. ეს მას ცხოვრების ყველა ნაბიჯზე დასჭირდება და გამოადგება.

შესაძლებელია, მეორე ოჯახიც კი შეიძინო სულ სხვა ქვეყანაში. ამას პირადი გამოცდილებით გეუბნებით. ვისაც კი შეუძლია, აუცილებლად უნდა სცადოს ბედი და მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რაც შეიძლება ადამიანმა ცხოვრებაში გადადგას“.

FLEX ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა და ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოსწავლეები ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში ისწავლიან და ამერიკელ მასპინძელ ოჯახში იცხოვრებენ.

ლიკა ხიჯაკაძე