18 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მიერ პატიმართა სასტიკი წამების უმძიმესი კადრების გავრცელების შემდეგ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში „ქართული ოცნების“ აქტივისტი ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი გვესტუმრა და გვთხოვა, პრესის საშუალებით მიემართა ხარაგაულელებისთვის:-მე, როგორც ერთი ქართველი, შეძრწუნებული ვარ გუშინდელი მოვლენებით, როცა ფარდა აეხადა ამ ხელისუფლების ქმედებებს.
მე, როგორც ყოფილ პატიმარს, თვალწინ წარმომიდგა ის დღეები, რაც ხუთი წლის განმავლობაში გადავიტანე. ეს არის ერთიანი სისტემა, რომელსაც ხელმძღვანელობს არა მარტო სასჯელაღსრულების დაწესებულება, არამედ პირდაპირ სამინისტრო.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რაც ხდება ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ყველა თანამშრომელს ყოველდღიურად ეტყობოდა, რა დავალებებს იღებდნენ და როგორ უნდა მოქცეოდნენ პატიმრებს. რომელი თანამშრომელიც არ შეასრულებს იმ დავალებას და არ იქნება სასტიკი, მას გაათავისუფლებენ.
ციხეში მოხვედრის მეორე დღეს ორმოც მეტრიან კორიდორს მოაწყობენ, ჩამწკრივდებიან რეზინის ხელკეტებით შეიარაღებული თანამშრომლები. ისინი სცემენ პატიმრებს. თუ წაიქცევი, მერე წიხლებით შეგდგებიან. თუ კორიდორის ბოლოში გახვალ, უფრო უარესია. იქ კარანტინში ჩაგსვამენ და ყოველდღიურად გცემენ, სულიერად გაგტეხავენ, გაგანადგურებენ.
მინდა განსაკუთრებით გამოვყო 2010 წლის 1 ოქტომბერი. ეს ფაქტი შესულია სახალხო დამცველის ანგარიშში. ერთ-ერთი პატიმარი მოკლეს ცემით და გამოაცხადეს, რომ მან თავი ჩამოიხრჩო სამარტოო საკანში. სოლიდარობის ნიშნად 1 500-მა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. ყველა მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. ღამის ორ საათზე შემოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, გამოგვიყვანეს ეზოში. პატიმრები, რომლებიც შიმშილობდნენ, სასტიკად სცემეს. 250 პატიმარი ცოცხალ-მკვდარი შეყარეს მანქანებში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ამ ყველაფერს თვალ-ყურს ადევნებდა ხარაგაულში „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი კანდიდატი ბატონი მამუკა ჭყოიძე. ის ამას ვერ უარყოფს, რადგან მე თავად ვიყავი ამის მხილველი, როცა გარე პერიმეტრი ალყაში იყო. ეს იყო პატიმრების სასტიკი ცემა.
ხალხისთვის, შესაძლოა, ძნელი დასაჯერებელია ეს სისასტიკე, რადგან ხელისუფლება ლამაზად ფუთავს, რომ ევროპულ დონეზეა ყველაფერი. 18 სექტემბერს გავრცელებულმა კადრებმა მე მომცა იმის ძალა, რომ ეს მეთქვა ხარაგაულელებისთვის. სასჯელაღსრულების სისტემა არის საშინელება და ამ სისტემაზე დგას დღევანდელი ხელისუფლება.
მინდა ვთხოვო ყველა ხარაგაულელს, კარგად გააანალიზოს, რა ხდება ქვეყანაში. ამ ყველაფრის სათავე არის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და დღევანდელ ხელისუფლებაში.
მე, როგორც ერთი ქართველი, რომელმაც საკუთარ თავზე გადავიტანე ყველაფერი, მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ 1 ოქტომბერს მიიღეთ ძალიან ფრთხილი და გონივრული გადაწყვეტილება. ერთხელ და სამუდამოდ იქნებ შევძლოთ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის, ნამდვილი სიტყვის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თამამი ნაბიჯების გადადგმა.