
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოთხმა კურსდამთავრებულმა 70%-იანი დაფინანსება მოიპოვა.
თეო გოლუბიანს, ანი მეიფარიანს, ანი ბლიაძესა და ნინო მიქაბერიძეს სასურველი შედეგის მისაღწევად ბევრი შრომა დასჭირდათ. უკვე პირველკურსელებისთვის სტუდენტობა ახალ გამოწვევებთან და შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული. ოთხივე მათგანი მოუთმენლად ელის, თუ როდის ჩაერთვებიან აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში.
„ჩემს თავს ბავშვობიდანვე ექიმად ვხედავდი და დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა,- ამბობს ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებული თეო გოლუბიანი, დღეისათვის უკვე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიკოსის ფაკულტეტის სტუდენტი, – ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ უნივერსიტეტში 70%-იანი გრანტით ვისწავლი, – ეს განცდა ენით აღუწერელი ემოციაა. ჩემი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი.
სამწუხაროდ, წელს აბიტურიენტებს პანდემიამ სწავლაში ხელი შეგვიშალა. ონლაინმეცადინეობა საკმაოდ რთულია. გამოცდებზე ყველაზე ძნელი ემოციების კონტროლი აღმოჩნდა; მაქსიმალური სიმშვიდეა საჭირო, შენი ცოდნა რომ სრულყოფილად გამოავლინო.
ვფიქრობ, მხოლოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის არ უნდა იბრძოლო; არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შენთვის სასურველი პროფესია აირჩიო“.
ანი ბლიაძემ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა დაამთავრა. ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ისწავლის. ანი აღნიშნავს, რომ აბიტურიენტობის შრომატევადი და საკმაოდ დატვირთული ერთი წლის განმავლობაში განცდილი დაღლა მიღწეულმა შედეგებმა დაავიწყა.
„ქულებს რომ ვიგებდი, ძალიან მიხაროდა. დიდი მადლობა ჩემს მასწავლებლებს, რეპეტიტორებსა და მშობლებს, გვერდით დგომისთვის. უნივერსიტეტში სწავლას დისტანციურად რომ ვიწყებთ, პირველკურსელებისთვის ეს საკმაოდ რთულია. პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, მალე ეპიდსიტუაცია გამოსწორდება და პირველკურსელებს ერთმანეთისა და ლექტორების პირადად გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა.
მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ მიზანი დაისახონ. შემდეგ კი სასურველი შედეგის მისაღწევად იბრძოლონ. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა შენი წარმატებით საყვარელ ადამიანებსა და პედაგოგებს ახარებ. მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ. სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება მინდა. გაცვლით პროგრამებს უკვე გავეცანი“.
ხარაგაულის გიმნაზიის კურსდამთავრებული ნინო მიქაბერიძე, – სწავლას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელებს.
„გამოცდებზე მიღებულმა ქულებმა ისე გამახარა, ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი,- იხსენებს ნინო, – ორმაგი სიხარული იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ 70%-იანი გრანტის მფლობელი გავხდი. ვიცნობ ისეთ აბიტურიენტებს, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ მოემზადენ. ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავზე მეტი მუშაობაა საჭირო“.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანი მეიფარიანი სწავლას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე გააგრძელებს. მისი არჩევანი პანდემიამ განაპირობა, რადგან დაინახა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ კვალიფიციური კადრების აუცილებლობაა. ანის ეს პროფესია ძალიან მოსწონს და სურს, რომ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
„არ იყო მარტივი აბიტურიენტობის პერიოდი, – ამბობს ანი, – ყველაზე რთული დროის სწორად განაწილებაა, ყველა საქმისთვის ოპტიმალური დრო უნდა გამოყო, თუმცა დასვენებაც აუცილებელია, რადგან შეიძლება გადაიღალო და ეს შედეგებზე ცუდად აისახოს.
ხუთი გამოცდა ჩავაბარე. რეპეტიტორთან მხოლოდ მათემატიკაში არ მოვმზადებულვარ და გამოცდაზე სკოლაში მიღებული ცოდნით გავედი. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, მასწავლებელი რას და როგორ გასწავლის, რადგან არის საკითხები, რომლებიც სკოლაში არ ისწავლება, მაგრამ საგამოცდო საკითხებში გვხვდება. ვფიქრობ, რომ სკოლის ცოდნით საგამოცდო ბარიერს გადალახავ, თუმცა მაღალი ქულების აღებას ვერ შეძლებ.
ჩემს წარმატებაში სკოლამ და თითოეულმა მასწავლებელმა დიდი როლი ითამაშა, წელს დიდი კონკურენცია იყო, ამიტომ საბოლოო შედეგები რომ გავიგეთ, ძალიან გამეხარდა მეც და ჩემს მშობლებსაც. 70 %-იანი დაფინანსება დიდი წარმატებაა“.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის