ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფონდსაცავს სავენტილაციო სისტემა არ აქვს. ნესტიანი ჰავის გამო ექსპონატები ობდება და ავადდება. საჭიროა ტენიანობის მარეგულირებელი აპარატი. ასევე საჭიროა ლითონის სტელაჯერი (თაროები), რადგან 30 წლის წინანდელი ხის კონსტრუქცია მოძველებულია, დარკილულია და საფრთხეს უქმნის მასზედ განთავსებულ ექსპონატებს. შველას საჭიროებენ თითოეული პიროვნების მასალისათვის განკუთვნილი საქაღალდეები, რადგან ჭიის გაჩენის შედეგად საფრთხე შეექმნა მასში არსებულ მასალას.

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სტელაჟები (4 700 ლარი ღირებულების), საქაღალდეები 60 ცალი (360 ლარი ღირებულების), კიბე ფონდის ოთახისთვის და დარბაზებში ექსპოზიციის შესაცვლელად (340 ლარი), ტენიანობის მარეგულირებელი აპარატის შესაძენად – 4000 ლარი, სულ 9 400 ლარი.

მუზეუმს საგანმანათლებლო პროექტების, გამოფენების, ინტეგრირებული გაკვეთილების, შეხვედრების, გასვლითი ღონისძიებების, ვორქშოფების სათანადოდ ჩასატარებლად სჭირდება 2 000 ლარი; გასვლითი ექსპედიციების, მოძრავი გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროექტის „მუზეუმი სტუმრად თქვენთან“  ტრანსპორტირებისათვის – 1 500 ლარი; საოჯახო წარმოების ღვინის ტრადიციადქცეული დეგუსტაცია-კონკურსის ჩასატარებლად – დაახლოებით 1 200 ლარი; მუზეუმისთვის აუცილებელი ავეჯის შესაძენად – 3 000 ლარი.

მუზეუმის ადმინისტრაცია ასევე ითხოვს ერთი დამლაგებლისა და ორი დარაჯის შტატების დამატებას, რისთვისაც საჭიროა 6 600 ლარი. აღსადგენია მუზეუმის ღობე.

ზემოთაღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა ბიუჯეტიდან დამატებით 23 700 ლარის გამოყოფა მოითხოვა.

საკრებულოსგან 18 თებერვალს დამტკიცებული საბიუჯეტო ცვლილების თანახმად ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 ათასი ლარი გამოეყო.