ბერძენი ექიმების მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს მათი სავალდებულო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ეს ექიმები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია მათ შეუქცევად ზიანს აყენებს.

„ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის“ ადამიანის უფლებათა უფროსი ოფიცერი ქეთი აბაშიძე ამ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ქეთი აბაშიძე განმარტავს, რომ ამ სასამართლოსგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება.

„დროებით ღონისძიებას“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იღებს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებას შეუქცევადი ზიანი ადგება, – ამბობს ქეთი აბაშიძე, – სასამართლომ მიიჩნია, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იყო ექიმებისთვის შეუქცევადი ზიანის მიმყენებელი. ეს ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო, სავარაუდოდ, კეთილგანწყობილია სავალდებულო ვაქცინაციისადმი.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ერთი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი ჩეხეთის წინააღმდეგ, რომელიც ბავშვების აცრებს ეხება.

ჩეხეთმა მშობლები დაავალდებულა, რომ საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვს გეგმიური აცრები უნდა ჩაუტარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საბავშვო ბაღებში არ მიიღებენ.

ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია მათი უფლებების დარღვევად სასამართლომ არ ჩათვალა და თქვა, რომ ბავშვი უნდა აიცრას, რომ ის დაცული იყოს. ბავშვთა აცრები წლებია, აპრობირებული ვაქცინებით ტარდება.

სავალდებულო ვაქცინაციიის დროს როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი – ვინ უნდა აიცრას, რა არის აცრაზე უარის მიზეზი, რა ვადებშია აცრა სავალდებულო.

მაგალითად, აზერბაიჯანში სექტემბრის დასაწყისში მთავრობამ განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან კორონავირუსზე აუცრელი პირები რესტორნებსა და კაფეებში არ დაიშვებიან. ერთ თვეში ორჯერადი ვაქცინაცია მეტისმეტი ტვირთია და, შესაძლოა, დროში ვერ მოესწროს.

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დროში გაწერილი გეგმა არ გვაქვს. ამიტომ შეფასება რთულია“.

ნინო კაპანაძე