ბევრი მომხმარებელი არ კითხულობს მის მიერ შეძენილი პროდუქციის ეტიკეტს და, ამგვარად, არ იცის რას შეიცავს სურსათი, რომელსაც მოიხმარს. მაგალითად, არაერთ მომხმარებელს სპრედი, რომელშიც მცენარეული ცხიმია გარეული, კარაქი ჰგონია.

ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ზოგიერთი სპრედის ეტიკეტზე, იქ სადაც დიდი ასოებითაა დატანილი პროდუქტის ბრენდული სახელწოდება და წონა, არ არის მითითებული, თუ რა პროდუქტია ეს. სურსათის დასახელება (სპრედი) და შემადგენლობა პროდუქტის სხვა მხარეს, პატარა ასოებითაა მიწერილი, რასაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს და შეცდომაში შედის.

სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნებში, ანუ ტექნიკურ რეგლამენტში გაწერილია, რომ ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება და წონა ხედვის ერთ არეალში უნდა იყოს განთავსებული.

ამ საკითხს ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაქცია ყურადღება. მან დააფიქსირა, რომ სიღნაღისა და წნორის მაღაზიებში გაყიდული სპრედების ეტიკეტებზე („სანტე“, „ხევსურული“ და „შატილი“) ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაცული არ იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქემ მიმდინარე წლის ივლისში წერილობითი საჩივრით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს), რომელმაც შეისწავლა საკითხი, დააჯარიმა პროდუქტების მწარმოებლები და არასწორად ეტიკეტირებული პარტიების ბაზრიდან ამოღება დაავალა (სააგენტოს წერილი). „სანტესა“ და „ხევსურულის“ მწარმოებელია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუტები“, ხოლო „შატილისა“ – ი.მ. კახაბერ მექოშვილი. აგვისტოს ბოლოს, ჩვენმა თანამშრომელმა კვლავ ნახა არასწორად ეტიკეტირებული „სანტე“ და „შატილი“ სიღნაღის ერთ-ერთ მაღაზიაში. ამასთან დაკავშირებით უკვე ჩვენ წერილობით მივმართეთ სეს-ს და მოვითხოვეთ, რათა უწყებამ უზრუნველყოს დარღვევით ეტიკეტირებული პარტიების ბაზრიდან ამოღება.

როგორც ვხედავთ, სეს-ისადმი მოქალაქის მიმართვას შედეგი მოჰყვა, თუმცა სააგენტოს რეაგირება ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა გამოვლენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად.

ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე დაკვირვებას და ჩვენს მკითხველებს ახალ ინფორმაციას მივაწვდით.

ამავე დროს, მოგიწოდებთ მომხმარებლებს ყურადღება მიაქციოთ ამ სტატიაში აღწერილ პრობლემას და მსგავსი, ან სურსათის უვნებლობასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დარღვევის აღმოჩენისას მიმართოთ სეს-ს ტელეფონის ნომერზე 1501 ან წერილობით. სეს ვალდებულია თითოეულ ასეთ საჩივარზე რეაგირება მოახდინოს.

მხოლოდ საზოგადოების აქტიურობით შევძლებთ ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებების სათანადოდ დაცვას.

წყარო