ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო როინ ხიჯაკაძის სარჩელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.

როინ ხიჯაკაძე მოითხოვდა, რომ სასამართლოს ბათილად ეცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც გამგეობაში გაიზარდა შტატები და სახელფასო ანაზღაურება.

მოსარჩელე როინ ხიჯაკაძე აღნიშნავდა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს, და მათ შორის მასაც, უშუალოდ ეხება და აყენებს ზიანს, რადგან თვითმმართველობის ბიუჯეტი იხარჯება არადანიშნულებით, რაც აკლდება სოციალურ პროექტებს.

მოპასუხემ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო) სარჩელი მიიჩნია დაუშვებლად და მოითხოვა საქმის შეწყვეტა, რადგან „იგი აღძრულია იმ პირის მიერ, რომელსაც არანაირად არ შეიძლება შეეხოს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შედეგები. როინ ხიჯაკაძე არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელია და არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი.“

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ეს არგუმენტი. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე როინ ხიჯაკაძე შემოიფარგლა ზოგადი განმარტებითა და ვარაუდით. მან პირდაპირი და უშულო ზიანის, ან მისი უფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტი ვერ დაასაბუთა. მან კანონიერი ინტერესის შელახვად მიიჩნია ის გარემოება, რომ გამგეობაში შტატების გაზრდა და ხელფასების მომატება გამოიწვევს მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა სოციალური დაფინანსების შემცირებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტოოდენ აღნიშნული მოტივი ამ კონკრეტულ შემთვევაში არ ადასტურებს სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობას; მით უფრო, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება სამართლებრივი ზედამხედველობა.