ხარაგაულის საავადმყოფოს ხუთი თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულია.

მათგან ერთი ექიმის მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, საავადმყოფოს თანამშრომლებს კორონავირუსი ინფიცირებული პაციენტებისგან გადაედოთ.

„მოგიწოდებთ ყველას, რომ გავუფრთხილდეთ მედპერსონალის ჯანმრთელობას, რადგან ხარაგაულის საავადმყოფოში ექიმები და ექთნები ისედაც ცოტა გვყავს“, – ამბობს ექიმი ნინო ყიფშიძე.

7 სექტემბრის მდგომარეობით ხარაგაულში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევები დაბა ხარაგაულში, ვერტყვიჭალაში, ზედუბანში, ჩხერში, საქარიქედში, ჯაფარეულში, ვახანსა და კიცხში გამოვლინდა. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო დაავადებული ოჯახის წევრი ან თანამშრომელია.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან დღემდე სულ ინფიცირების 1 155 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 986 გამოჯანმრთელდა, 17 გარდაიცვალა.

152 ინფიცირებულიდან 25 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.