სკოლამდელი ასაკის ხიდრელი ბავშვების მშობლები საბავშვო ბაღის ამოქმედებას, ხოლო ბორითელი მშობლები – ბორითის საბავშვო ბაღში ორი ახალი ჯგუფის გახსნას ელოდებიან.

როდის გაიხსნება ხიდარში საბავშვო ბაღი, ბორითის ბაღში კი ორი ახალი ჯგუფი, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე, ამ ეტაპზე, ვერ აკონკრეტებს. „ბორითის საბავშვო ბაღში, დამატებით ორი ჯგუფის გასახსნელად ნელ-ნელა შეგვაქვს ინვენტარი, სათამაშოები და საბავშვო ლიტერატურა. მიტანილია სამზარეულოს მოწყობილობა. როდის გაიხსნება ბორითში ორი ახალი ჯგუფი, ზუსტად არ ვიცი. თანხასთანაც არის დაკავშირებული, – გვირიცხავს მუნიციპალიტეტი თანხებს ეტაპობრივად.

მომზადებულია ხიდრის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის ხარჯთაღრიცხვა. ველოდებით ეზოს შემოღობვას და კეთილმოწყობას. როგორც კი მოწესრიგდება ეზო და საბავშვო ბაღის შიგა გარემო, ხიდარში საბავშო ბაღი გაიხსნება,“ – ამბობს ირმა სებისკვერაძე.