
საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში უნდა წარიმართოს. მათ სასკოლო დაწესებულებების დაკეტვა იმ ფონზე, როდესაც რესტორნები, კაფე-ბარები, კაზინოები, სავარჯიშო დარბაზები და სხვა კომერციული ობიექტები ღიაა, აბსურდულად მიაჩნიათ.
კოვიდრეგულაციების დაცვა სკოლაში უფრო შესაძლებელია, ვიდრე ამ დაწესებულებებში. ონლაინ სწავლების მოწინააღმდეგენი აღნიშნავენ, რომ დაკეტილი სკოლები მოსწავლეთა აკადემიურ ხარისხს ამცირებს, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს და ციფრული მოწყობილობების ეკრანებთან დიდი ხნით ყოფნა მათი ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს.
ხარაგაულელ მოსწავლეთა მშობლები აღნიშნავენ, რომ დისტანციურ რეჟიმში წარმართული განათლების პროცესი სრულფასოვანი არ არის. მოსწავლეთა დიდ ნაწილს ხარისხიანი ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკა არ აქვს, რაც მათ განათლების ხელმისაწვდომობის უფლებას ართმევს.
თითქმის ორი წელია, საქართველო პანდემიას ებრძვის. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა, თუმცა ონლაინსწავლების პროცესში პროგრესი არ შეიმჩნევა. მშობლებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ შესაძლებელი იყო სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება და ონლაინსწავლებით გამოწვეული ხარვეზების გამოსწორების დაწყება. სახელმწიფომ ამაზე არ იზრუნა და ისევ მარტივ გზას მიმართა, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.
„როგორც მშობელი, ვეწინააღმდეგები არაფრისმომცემ დისტანციურ სწავლებას, – ამბობს ხარაგაულელი ია ჯანიაშვილი, – იცით რა მაკვირვებს? ქუჩები და ეზოები ბავშვებით არის სავსე. ისინი სულ ერთად თამაშობენ. მაშინ საკლასო ოთახი რატომ ხდება პრობლემა? ვფიქრობ, ეს ჩვენი, მშობლების ბრალია – არ უნდა ჩავრთოთ ბავშვები ონლაინ და მაშინ კი მოიფიქრებენ რამეს, თუ როგორ შეიძლება სწავლის საკლასო ოთახში გაგრძელება“.
მშობლების გარდა, დისტანციური სწავლება მასწავლებლებისთვისაც პრობლემაა, რადგან ზოგს კომპიუტერი და ხარისხიანი ინტერნეტი არ აქვს. თიმსის პროგრამის ტელეფონში ჩართვა კი უჭირთ.
გოჩა ჩადუნელი სოფელ გედსამანიის მკვიდრია. ამავე სოფლის სკოლაში ასწავლის. მისი შვილებიც სკოლის მოსწავლეები არიან. დისტანციური სწავლებისას ძალიან გაუჭირდათ.
„მოსწავლეებს ტელეფონით ვუკავშირდებოდით, თუმცა გედსამანიაში კარგად ტელეფონიც არ იჭერს. ინტერნეტი სკოლის შენობაშიც არ არის. სოფელ ხუნევის სკოლასთან ვართ ინტეგრირებული და ყველაფერს იქ ვაკეთებთ, რაც ინტერნეტთანაა დაკავშირებული. ადგილობრივები ამ პრობლემაზე ხელისუფლებასთან ხშირად ვსაუბრობთ. საკითხს ჩაინიშნავენ ხოლმე და მიდიან. ჩვენთვის იმედიანი სიტყვა ჯერ არავის უთქვამს. პროვაიდრები მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პატარა სოფელია მცირე მოსახლეობით, შესაბამისად ვერ დაინტერესდებიან“, – ამბობს გოჩა ჩადუნელი.
„არ მესმის, რატომ არავინ იზრუნა სოფლებში ინტერნეტის გამართულობაზე, ბავშვებისა და მასწავლებლების ტექნიკით აღჭურვაზე, – უკვირს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პედაგოგ თეა ტალახაძეს,- მესამე წელია, დისტანციურ რეჟიმს ვირჩევთ და კომპიუტერები გამოვიდა მწყობრიდან… ვინმემ გვკითხა, გაქვთ სათადარიგო, ან ხართ მზად სასწავლო წლისთვის? არ მესმის, ოც და ოცდაათ წუთიან გაკვეთილში შედეგს როგორ უნდა მივაღწიოთ; მით უფრო – როცა ოჯახში სამი-ოთხი-ხუთი ბავშვი და ერთი ტელეფონ-კომპიუტერია.
მესმის, ახლა სკოლაში სიარული საფრთხილოა, ამიტომ მხარს ვუჭერ დისტანციურ სწავლას, მაგრამ არა ასეთს, დღეს გამოვაცხადეთ და ხვალ კომპიუტერებთან დავმწკრივდეთ; არამედ გამართულს, აღჭურვილს, ამ საუკუნის შესაფერისს.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში სკოლები არ წარმოადგენს დაავადების გავრცელების მთავარ კერას. ის მოუწოდებს მთავრობას, რომ გახსნან სკოლები პირისპირ სწავლებისა და სწავლისთვის.
„covid-19 ყველა რეგიონში ერთნაირად არის გავრცელებული, – ამბობს ღასან ხალილი,- არის სოფლები, სადაც პოზიტიური მაჩვენებელი ძალიან დაბალია. მაშ, რატომ არ შეუძლიათ ამ სოფლებში მაცხოვრებელ ბავშვებს სკოლაში იარონ?
ყველა ეს კითხვა ისმის იმისთვის, რომ გადაიხედოს გადაწყვეტილება ონლაინ სწავლების შესახებ, რომელიც ამდენი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია, რომ არაფერი ვთქვათ განათლების ხარისხზე, რომელიც ონლაინ სწავლების დროს უარესდება. უნდა დავფიქრდეთ, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს რამდენიმე წელში სკოლების დაკეტვამ.
ჩვენ მოგვიწევს ადაპტირება – ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც შეგვეძლება ისეთ გამოწვევასთან გასამკლავებლად, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა”.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის