ხარაგაულში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შეკრებილთა წინაშე ქალი კანდიდატები ლურჯი ქვედაბოლოებით, თეთრი პერანგებითა და ხელში პარტიის ლოგოიანი ყელსახვევებით წარსდგნენ. ასევე ლურჯი პერანგი ემოსა ერთ-ერთ კანდიდატ მამაკაცს.
ტ/კ „იმედმა“ ხარაგაულში კანდიდატების წარდგენის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით სოცქსელის მომხმარებელთა გამოხმაურება შეაფასა, როგორც ქალი კანდიდატების მიმართ „ზიზღის ენა“, პოლიტიკური ბულინგი, „ჩაცმულობის გამო დაცინვა“ და დისკრიმინაციული კამპანია რადიკალური ჯგუფებისგან.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ქალებს პოლიტიკაში მოსასვლელად ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ და ამგვარი აგრესიით გამსჭვალული კომენტარების შემდგომ ისინი კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას წააწყდებიან.
აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ოთხი ქალი მაჟორიტარი კანდიდატიდან სამი მოქმედი საკრებულოს წევრია, მათ შორის ერთ-ერთი – უკვე ორგზის.
რას „დასცინა“ ფეისბუქსაზოგადოებამ, არის თუ არა ეს რეალურად ქალი კანდიდატების მიმართ ბულინგი, – ამ შეკითხვებით მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს და თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტს მაგდა პოპიაშვილს მივმართეთ.
ზვიად ქორიძე: – ადამიანები, რომლებიც პარტიულ ღონისძიებაზე უნიფორმით გამოვიდნენ, პერსონალურად არ უნდა იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი.
თუმცა, ისინი საკმაოდ ზრდასრული ადამიანები არიან და პროტესტი უნდა გასჩენოდათ იმ პერფორმანსის გამო, რომლის მონაწილეებადაც ისინი მმართველმა პარტიამ განსაზღვრა.
ავტორიტარული ტიპის მმართველობის მხრიდან ეს ახალი სტილი არ არის და წინა მმართველობის, იმის წინა და კომუნისტური მმართველობის დროსაც გვინახავს.
ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, რომ დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა ასეთ კომკავშირულ პერფორმანსს მართავს. ამაში რთავს თავის კანდიდატებს, – იმ ადამიანებს, რომლებიც იმიტომ უნდა გახდნენ საკრებულოს წევრები, რომ სწორედ საკუთარი განსხვავებულობით, საკუთარი პოზიციების მრავალფეროვნებით შექმნან ძლიერი თვითმმართველობა.
ამ პერფორმანსით რა გაიგო საზოგადოებამ?! რომ ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ?! რომ ყველა ასე მეთოდურად დავემორჩილებით ერთ ბრძანებას, ერთნაირად ჩავიცვამთ, ერთნაირად ვიაზროვნებთ, ერთნაირად ავწევთ ხელს და ა. შ.
ამ შემთხვევაში აი, ეს მესიჯი არის მძიმე და არა ის, რომ ვიღაცამ ლურჯი ფორმები ჩაიცვა.
ამიტომაც ვიღაცას გიორგი დანელიას „აფონია“, ვიღაცას ელდარ რიაზანოვის „დაკარგული მელოდია ფლეიტისათვის“ გაახსენდა.
სხავათაშორის, თუ დავაკვირდებით, გაახსენდათ საბჭოთა კინომატოგრაფია, რომელიც ასეთ ფაქტებს დასცინოდა და ამაზე მწვავედ რეაგირებდა.
პოლიტიკურმა რეჟისორმა, ვინც ეს სცენა დადგა, ადამიანებს უთხრა, რომ თქვენ უნდა დაკარგოთ თქვენი ინდივიდუალურობა, თქვენი სახე, ერთმანეთს უნდა დაემსგავსოთ იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკური გზავნილი მივაწოდოთ ხალხს – ჩვენ აქ ინდივიდებს, დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებს კი არ ვირჩევთ, ვირჩევთ უბრალოდ რაოდენობას ერთნაირად ჩაცმულების, ერთნაირად მოაზროვნეების, გადაწყვეტილების ერთნაირად მიმღებების. ეს ავტორიტარიზმის ინდიკატორია.
ამიტომ იყო შთამბეჭდავი ეს კადრები და არა იმიტომ, რომ ხარაგაულელ ქალებს დავცინოთ. ამ ადამიანებმა ეს პერსონალურად საკუთარ თავზე არ უნდა აღიქვან. შეცდომა კი დაუშვეს, ამ პერფორმანსში მონაწილეობაზე რომ დათანხმდნენ, მაგრამ ეს კანდიდატები გავკილოთ და დავცინოთ, მართებული არ იქნება. საზოგადოა ეს ჭირი და ეს არის ავტორიტარიზმი.
მაგდა პოპიაშვილი: -ძალიან გამიკვირდა, როდესაც საზოგადოების რეაქცია აღიქვეს, როგორც ქალთა მიმართ დისკრიმინაცია. ეს არ იყო პოლიტიკაში ქალთა მოსვლის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები. ეს იყო ჩვეულებრივი რეაქცია და აბსოლუტურად სწორი რეაქცია იმაზე, რაც კადრებში ნახეს.
მამაკაცსაც ეცვა იქ ლურჯი პერანგი და ზუსტად ანალოგიური რეაქცია იყო იმ მამაკაცზეც.
ამ ქალებიდან არც ერთი ახალბედა არ არის პოლიტიკაში.
„პარტიულ ფერებში“ გამოწყობილი სამოსით როცა გამოდიხარ, ბუნებრივია, გაგაკრიტიკებენ. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ცოტა გადაჭარბებული იყო ეს გამოხმაურებები, იყო უხერხული გამონათქვამებიც, მაგრამ ნურავინ იტყვის, რომ ეს არის ქალთა მიმართ დისკრიმინაცია და ამის შემდეგ ქალებს პოლიტიკაში წასვლა მოერიდებათ. ტყუილია ეს ამბავი. ნუ წარმოაჩენენ ასე.
მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ზოგიერთ ქალს სურს წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც სოლიდარული, როგორც ქალთა უფლებების დამცველი, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა მათი ასეთი თავგამოდება, რომ ეს იყო მაინცდამაინც ქალების მიმართ მიმართული ბულინგი.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი