სად არის ბანერები – „აიცერი!“ ან რატომ არ ახლავს ყველა პოლიტიკოსის სარეკლამო ბანერს მოწოდება „აიცერით“?

ამ შეკითხვით მიმართა მედიავებინარზე ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს.

„ეს პრობლემა ყველას გვეხება და მათ შორის მეც, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, – ბევრჯერ დავსვი ეს საკითხი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყველა პარტიისა და ყველა პოლიტიკოსის მთავარი სლოგანი უნდა იყოს, – „ყველა ავიცრათ“, „აცრა გადაარჩენს“. აცრაზე გადის ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური წინსვლის გზა; აცრა არის მთარი პრიორიტეტი ქვეყანაში.

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა პოლიტიკოსის ბანერს მივაწერდი, რომ „ერთად წავიდეთ და ავიცრათ“. ასევე ბანერზე გამოსახულ ყველა პირს ვთხოვ, იქვე გამოაქვეყნონ თავისი აცრის ფოტოსურათი და ხალხს აჩვენონ, რომ ყველაზე მთავარი ქვეყანაში ახლა აცრა გახლავთ.

მინდა იცოდეთ, რომ თვეში 2 მილიონი პირის აცრა შესაძლებელია და ამისთვის საჭიროა, ყოველდღიურად 50-60 ათასი აცრა ჩატარდეს. ეს რომ გავაკეთოთ, ოქტომერში გვექნება ბევრად მშვიდი სიტუაცია. შესაძლებელია ამის გაკეთება, თუ აცრა ჩვენი მთავარი მიზანი იქნება. ორჯერადად აცრილი ათასი ადამიანი ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა.

თითოეული კანდიდატი, ვინც კენჭს იყრის, დაინტერესებული უნდა იყოს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.

ატარონ ექიმები შეხვედრებზე და წინასაარჩევნო აგიტაცია აცრისკენ მოწოდებით დაიწყონ“.