3 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რატომ გაიზარდა ფატალური შემთხვევები და რა არის გარდაცვალების მიზეზები ყველაზე ხშირად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს:

„კოვიდი საკმაოდ რთული რესპირატორული გზით გამოწვეული ინფექციაა. ყველაზე მეტი გართულება მოდის რესპირაციულ სისტემაზე. თუ კოვიდინფიცირებულს თანმხლები დაავადებები აქვს – მაგალითად, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, სისხლის შედედების პრობლემები, მისი მდგომარეობა რთულდება. ამავე დროს ვირუსულ ინფექციას თუ ბაქტერიული ინფექცია დაერთო, შესაძლოა, ბაქტერიული პნევმონია განვითარდეს.

კორონავირუსი საკმაოდ რთული ინფექციაა. ათასი ინფიცირებული ადამიანიდან უმრავლესობა შედარებით მსუბუქად გადაიტანს, მაგრამ ყოველ ათას შემთხვევაში 20-მდე გარდაცვალების შემთხვევა გვექნება. 86 ადამიანის გარდაცვალება ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ტრაგედიაა.

ამიტომ, თუ გვინდა, რომ ყოველდღიური ახალი შემთხვევები და რაც მთავარია, კორონავირუსით სიკვდილიანობა შემცირდეს, უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:

  • ვატაროთ პირბადე ყველგან – ღია და დახურულ სივცრეებში;
  • თავი შევიკავოთ დიდი წვეულებებისგან;
  • ავიცრათ ყველა ორჯერადად.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სინოვაკით აცრა ორჯერადად ორი კვირის შუალედშია შესაძლებელი, ხოლო დანარჩენ ვაქცინებზე – პირველი აცრიდან მეორე აცრამდე სამკვირიანი შუალედია საჭირო.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით ვაქცინებია.

ნინო კაპანაძე