
კოვიდპანდემიის მართვისა და ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 27 აგვისტოს მედია ვებინარზე ისაუბრა.
გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია. მისივე თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა უმნიშვნელოდ, ნელი ტემპით მცირდება, გადატვირთულია საავადმყოფოები. კორონავიუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ყველაზე მეტია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.
„ვაქცინირებული მოქალაქეების ლატარიით წახალისება იგეგმება, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე, – ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილეთ. პირველ სექტემბერს ფინანსთა სამინისტრო განაცხადებს, თუ როდიდან დაიწყება ლატარიის გათამაშება, რათა აცრილი ადამიანები გარკვეული ფულადი ჯილდოებით წავახალისოთ.
სხვადასხვა ორგანიზაციები წამახალისებელ ღონისძიებებს თავად აწესებენ – პირველი აცრის შემდეგ მათი უმრავლესობა თავისივე ხარჯზე 1-2 დღით თანამშრომლებს შვებულებაში უშვებს.
პარფიუმერულმა მაღაზიებმა დააწესეს შეღავათები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბანკებმაც აიტაცონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს იმ პასუხისმგებლიანი ორგანიზაციების სიას, სადაც დასაქმებულთა 80% აცრილი იქნება.
ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ სკოლები, მუნიციპალიტეტები, სად უფრო მეტი აცრილი იქნება, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% კორონავირუსზე ვაქცინირებული იყოს.
იმ აუცრელი მოქალაქეებისთვის, რომლებისთვისაც ტესტირება აუცილებელია, ეს აღარ უნდა იყოს უფასო. მასწავლებლები, პოლიციელები, ექიმები, სამედიცინო პერსონალი, ორ კვირაში ერთხელ იტესტებიან; ზოგიერთი ჩემი კოლეგა – კვირაში ერთხელ ან სამ დღეში ერთხელ.
დღეს ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუმცა, ჩვენ დავსვით წინადადება, რომ თუ ადამიანი ორჯერადად არის აცრილი, სავალდებულო ტესტირება უნდა იყოს სახელმწიფოს ხარჯზე; ხოლო თუ არ არის აცრილი, მაშინ ტესტირების თანხა ან დამსაქმებელმა გადაიხადოს, ან თავად დასაქმებულმა; მაშინ როდესაც ჯიბეზე მოგვარტყამენ, უფრო მეტად გამოვფხიზლდებით.
ვფიქრობ, სწავლა დისტანციურად უნდა განახლდეს. არ ვიცი, საკოორდინაციო საბჭო რამდენად გაითვალისწინებს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სანამ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ქვემოთ არ ჩამოვა და სკოლაში ადმინისტრაციული პერსონალის, პედაგოგ-მასწავლებლების 80% არ აიცრება, სკოლას უსაფრთხოდ ვერ განვიხილავთ. 27 აგვისტოს მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი 9.43%-ია.
იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაშიც – უნდა აიცრან არა მარტო პროფესორ-მასწავლებლები, არამედ სტუდენტები. ქვეყანაში დღეს 150 000 სტუდენტია. კორონავირუსის დელტა შტამი ახალგაზრდებში ძალიან ადვილად ვრცელდება. ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი, ყველა სკოლა უსაფრთხო იყოს.
აგვისტოში დღიურად საშუალოდ 23 ათასი პირი იცრება. ჩვენი სამიზნეა, რომ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% ანუ 1 700 00 ადამიანი აიცრას. თუ თამასა ავწიეთ – დღეში 30 ათასი ადამიანი ავცერით და თუ ამას 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრაც დაემატა, მაშინ ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი გვექნება და ახალ წელს ძველებურად შევხვდებით.
პანდემიის დამარცხების გზა აცრაზე გადის. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად ყველა იყოს აცრილი. მომავალი სამი თვე აცრა, აცრა, აცრა უნდა იყოს მთავარი სიტყვა საქართველოში.
ქვეყანაში ვაქცინები საკმარისი რაოდენობითაა. სექტემბერში გერმანიისგან 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მივიღებთ. ამ ვაქცინით იმუნიზაცია მხოლოდ ერთი დოზით ხდება.
ძალიან მწყინს, რომ ანტივაქსერთა შორის ჩემი კოლეგები, ექიმები არიან. ის ადამიანი, რომელიც ორსულს ეტყვის, რომ არ აიცრას, ქვეყნის მოღალატეა. მოვუწოდებ ყველა ორსულს, რომ აიცრან პფაიზერით. კორონავირუსი ორსულებში დიდი გართულებებით მიმდინარეობს. მათ მოვლასთან დაკავშირებით ახალი პროტოკოლები მუშავდება.
საინტერესოა BMG-ის იდეა, რომ წინასაარჩევნო შეხვედრებზე ექიმის ტარება ძალიან კარგი იდეაა. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ამ იდეას აუცილებლად გავაჟღერებ, რომ პარტიებმა ერთი ავტორიტეტული ექიმი ატარონ შეხვედრებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნებს.
საბჭოს სხდომაზეც წამოვწიე და რამდენიმე გამოსვლაშიც ვახსენე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აცრა უნდა იყოს ყველაზე ზეპარტიული საკითხი და ყველამ – ოპოზიციამ და პოზიციამაც უნდა ვისაუბროთ აცრის სიკეთეებზე, იმ სარგებელზე, რაც აცრას მოაქვს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ უნდა მოვუწოდოთ“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე – კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი ხარაგაულის კლინიკაში
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის