ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრის (დირექტორი დავით გელაშვილი) ორგანიზებით 17 თებერვალს გაიმართა რაიონის პირველობა ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობდნენ ჭადრაკის წრის მოსწავლეები და მოყვარული მოჭადრაკეები. შეჯიბრს წინ უძღოდა მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ჭადრაკის გუნდური ტურნირი, რომელშიც ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.

ჭადრაკის წრის მწვრთნელის ამირან ხარატიშვილის თქმით, ჭადრაკის წრე სპორტსკოლაში გასული წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. ამჟამად ამ წრეში 15 მოსწავლე მეცადინეობს, „ჭადრაკს დიდი ყურადღება და მობილიზება ჭირდება. ამიტომ ცოტა რთულია, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებმაც იოლად აუღეს ალღო სპორტის ამ სახეობას. ტურნირი ჭადრაკში წელს პირველად ტარდება და აუცილებლად გაგრძელდება.

ქუთაისში იგეგმება ტურნირი იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის. ამ ტურნირში ჩვენი წრის მოსწავლეები აუცილებლად ჩაერთვებიან. ასეთი შეჯიბრებები მოზარდებში აძლიერებს სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესს,“ – აღნიშნავს მწვრთნელი ამირან ხარატიშვილი.

ტურნირის მონაწილე თამაზ ხახალაშვილი ამბობს, რომ ძალიან უყვარს მათემატიკა და გონებრივი სავარჯიშოები. სწორედ ამიტომ დაინტერესდა ჭადრაკით.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდის ფავორიტი გიორგი ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ჭადრაკის თამაში მამამ შეაყვარა და ახლა ინტენსიურად ვარჯიშობს. გიორგიმ მოსწავლეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მოყვარული მოჭადრაკე, ლეღვნის საჯარო სკოლის მოსწავლე ეკატერინე შარიქაძე ამბობს, რომ თავდაპირველად ჭადრაკით დამ დააინტერესა, შემდეგ მამის დახმარებით შეისწავლა თამაში. ტურნირში მონაწილეობა სპორტის მასწავლებელმა მევლუდ მაღრაძემ ურჩია და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია.

ვახანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მედეა ინასარიძე ჭადრაკს მეორე კლასიდან თამაშობს და ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა, მედეა ამბობს, რომ ჭადრაკი ძალიან საინტერესო სპორტია და გონების განვითარებას უწყობს ხელს.

17 თებერვალს გამართულ ტურნირში პირველი ადგილი დაიმსახურა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ჯღარკავამ, მეორე ადგილი – ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ინასარიძემ, ხოლო მესამე ადგილი – საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ღონღაძემ.

გოგონებს შორის ტურნირში გაიმარჯვა მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან ცხადაძემ, მეორე ადგილზე გავიდა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ თხელიძე, ხოლო მესამე ადგილზე – ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე მედეა ინასარიძე.

სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრის დირექტორის დავით გელაშვილის ინფორმაციით, ტურნირში ორმოცი მოსწავლე მონაწილეობდა. ასეთი ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრის ორგანიზებით მომავალშიც გაიმართება.

თამთა გოგოლაძე

Tchadraki_005 Tchadraki_004 Tchadraki_003 Tchadraki_001